ვახტანგ გომელაური - 2023 წელს გაგრძელდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკური განახლებისა და გადაიარაღების პროცესი
2022 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით, მათ შორის, მაღალი გამავლობის ავტოტექნიკით, ყველგანმავალი კვადროციკლებით, წყლის სატრანსპორტო საშუალებებით, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, გასული წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, სრულად განახლდა სამთო-სამაშველო, მყვინთავი მაშველების, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების აღჭურვილობა.
„2022 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით, მათ შორის, მაღალი გამავლობის ავტოტექნიკით, ყველგანმავალი კვადროციკლებით, წყლის სატრანსპორტო საშუალებებით. სრულად განახლდა სამთო-სამაშველო, მყვინთავი მაშველების, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების აღჭურვილობა. სამინისტრომ მეხანძრე-მაშველებისთვის შეიძინა სპეციალური ფორმები, ასევე ცეცხლგამძლე ტანსაცმელი და მათი საქმიანობისთვის განკუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობა. მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გაძლიერების მიზნით, მიმდინარე წელს შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ ეტაპზე 10 ერთეულ მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანას შეისყიდის. ასევე, გაგრძელდება სამსახურის ტექნიკური განახლებისა და გადაიარაღების პროცესი. საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში, 2023 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ხუთ ერთეულ სახანძრო მანქანას მიიღებს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.