ვახტანგ გომელაური - 2022 წელს საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, რვა ლაბორატორიის აკრედიტაცია განახორციელა
2022 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, თბილისსა და რეგიონებში, ჯამში, რვა ლაბორატორიის აკრედიტაცია განახორციელა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
ვახტანგ გომელაურის თქმით, საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე მუშაობის სტანდარტიზება.
„2022 წელს საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, თბილისსა და რეგიონებში, ჯამში, რვა ლაბორატორიის აკრედიტაცია განახორციელა. მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე მუშაობის სტანდარტიზება საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად. ამ ეტაპზე დასრულებულია დოკუმენტაციის შექმნის პირველი ნაწილი, რაც შემთხვევის ადგილზე სამოქმედო პროცედურების გაწერას გულისხმობს. პროცედურების სრულად განხორციელების შემდეგ მოხდება განაცხადის შეტანა აკრედიტაციის მისაღებად. კიდევ ერთი დანაყოფი, რომელშიც გასულ წელს წარმატებით დაინერგა საერთაშორისო ISO სტანდარტი, არის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – „112“. ეს უზრუნველყოფს ცენტრის მუშაობის ხარისხის უფრო მეტად გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, აისახება მომსახურების გაუმჯობესებაში“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.