ვახტანგ გომელაური - 2021 წელს პირველად მოხდა მეხანძრე-მაშველთა EN სტანდარტის სახანძრო ფორმების შესყიდვა, 2020 წელს ხელფასი ყველა მეხანძრე-მაშველს გაეზარდა
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა.
გომელაურის განცხადებით, გასულ წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ერთდროულად უწევდა ბრძოლა სტიქიებთან, უბედურ
შემთხვევებთან, ხანძრებთან და პანდემიასთან.
ვახტანგ გომელაურის თქმით, გასულ წელს საგანგებო მართვის სიტუაციების სამსახურში მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები
განხორციელდა.
„2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან მყვინთავების ხელფასი გაიზარდა 100 პროცენტით. ხელფასი გაეზარდა ყველა მეხანძრე-მაშველს. გასულ წელს, სახანძრო-სამაშველო ძალების არსებობის ისტორიაში პირველად, დღიური კვების რაციონი განისაზღვრა და ცვლაში მყოფი მეხანძრე-მაშველების კვებას სამსახური უზრუნველყოფს.
უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში, 2021 წელს პირველად მოხდა მეხანძრე-მაშველთა EN (იენ) სტანდარტის სახანძრო ფორმების შესყიდვა, ასევე, შესყიდულია მეხანძრე-მაშველთა ყოველდღიური ფორმები. მიმდინარე წელს დაგეგმილია სამთო-სამაშველო აღჭურვილობის განახლება და მყვინთავი-მაშველებისთვის თანამედროვე, უახლესი სტანდარტის აღჭურვილობის შეძენა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე თქმით, ხულოსა და კასპის მუნიციპალიტეტებში ახალი სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მშენებლობაა დაგეგმილი. ასევე, გომელაურის განმარტებით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში, სამსახურს ჯამში 1 270 000 დოლარის ღირებულების სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადაეცემა.