ვახტანგ გომელაური - 2021 წელს დამტკიცდა საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და აქტიურად მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი
ვახტანგ გომელაური - 2021 წელს დამტკიცდა საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და აქტიურად მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში კიბერუსაფრთხოებას, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს განუყოფელ ნაწილს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმ – 2023“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, შესაბამისი უწყებები უფლებამოსილების ფარგლებში, აქტიურად მუშაობენ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

„ჩვენ გვყავს უწყებები, რომლებსაც მანდატით აქვთ განსაზღვრული სახელმწიფო რესურსების თუ ეკონომიკის სექტორების კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა. თითოეული უწყება სწორედ ამ უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად მუშაობს კიბერუსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ.

2021 წელს დამტკიცდა საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და აქტიურად მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი, რაშიც ქართულ მხარესთან ერთად ინტენსიურად არიან ჩართულები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო კიბერუსაფრთხოების მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან.

„ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი პროგრამების ფარგლებში საქართველო კიბერუსაფრთხოების მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან. გამორჩეულია გაერთიანებული სამეფო-საქართველოს კიბერთანამშრომლობის პროგრამა, რომელიც აქტიურად ეხმარება საქართველოს სხვადასხვა უწყებებას შესაძლებლობების განვითარებაში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ამერიკულ მხარესთან და ვიღებთ როგორც ტექნიკურ, ისე ტექნოლოგიურ მხარდაჭერას. ასევე, ხაზგასასმელია ევროკავშირთან თანამშრომლობა სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, რითიც ძლიერდება საქართველოს უწყებების შესაძლებლობები“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.