ვახტანგ გომელაური - 2021 წელს დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია ორი „კანონიერი ქურდი“, 22 ძებნილი პირი და 136 კიბერდამნაშავე
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სამინისტროს მიერ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, სამინისტროსთვის კვლავ პრიორიტეტულად რჩება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.
„სამინისტროსთვის პრიორიტეტულად რჩება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. 2021 წელს დამტკიცდა სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. გასულ წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ორი კანონიერი ქურდი. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 75 პირი. დაკავებულ იქნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი 22 პირი და ამოღებულია ინტერპოლის არხებით ძებნილი 53 ავტომობილი. 2021 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეების უშუალო მონაწილეობით, ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში ჩატარდა 12 ერთობლივი ღონისძიება, რომელთა ფარგლებშიც, ჯამში, დაკავებულ იქნა სხვადასხვა დანაშაულში მონაწილე 92 პირი და 4 კანონიერი ქურდი; კიბერდანაშაულთან ბრძოლის კუთხით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 136 კიბერდამნაშავე. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წელს საქართველო სრულად აკმაყოფილებდა ტრეფიკინგის აღკვეთისათვის აუცილებელ საერთაშორისო სტანდარტებს და მათივე შეფასებით, პირველ კალათაში ვიკავებდით ადგილს. ჩვენ მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად, წელსაც გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ 2021 წელს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები კიდევ უფრო გაამყარებს ქვეყნის პოზიციებს და კვლავ შევინარჩუნებთ უმაღლეს შეფასებას“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.