ვახტანგ გომელაური - 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამნისტია პოლიციელებსაც ეხებათ, ყველაზე მძიმე მუხლი მელიას აქვს წაყენებული
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტია პოლიციელებსაც უნდა შეეხოს.
გომელაური მიიჩნევს, რომ ამნისტიის კანონის მიღება არსებულ ვითარებაში უსამართლობა არ არის.
„მე, როგორც შინაგან მინისტრი, ამნისტიას ალბათ წინააღმდეგობას გავუწევდი. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ჩართული იყვნენ ევროპის პოლიტიკოსები, მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა. აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ მიეღოთ ამნისტია. არ ვთვლი, რომ ეს უსამართლოა. რა თქმა უნდა, პოლიციელებსაც ეხებათ. არა იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ და ვიცავ პოლიციელებს, არამედ იქედან გამომდინარე, რომ ყველაზე მძიმე მუხლი ნიკა მელიას აქვს წაყენებული. ნიკა მელიას თუ უნდა შეეხოს ამნისტია, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს. ეს ხომ უსამართლობა იქნებოდა? მძიმეს ისედაც არ ეხება. როგორც ჩაწერილია, 117-ე მუხლს ისედაც არ ეხება. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ სამართლიანია. ვთქვათ, თუ უფრო მძიმე მუხლი მაქვს წაყენებული და მეხება, რა თქმა უნდა, ჩემზე მსუბუქი დანაშაული ვინც ჩაიდინა, მათაც უნდა შეეხოს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.