ვახტანგ გაბუნია - პრეზიდენტმა უნდა შეძლოს, დასავლური ძალებიდან რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს, რათა ჯერ მოგვისმინოს და შემდეგ რაღაც ნაბიჯი გადადგას
მივესალმები პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას, რადგან ამ უფლებებითაც შესაძლებელია, ყველაფერი გააკეთო, თუ ქვეყანა გიყვარს და ამის სურვილი გექნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვახტანგ გაბუნიამ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.
„დღეს ქვეყნის მოსიყვარულეს ვერავის ვხედავ. ამიტომ, სჯობს, ამომრჩეველი დაფიქრდეს, ხმას ვის და რას აძლევს, ასე რატომ ვართ, ხვალ რა გვინდა და ჩვენი შვილები ქვეყანას რატომ ტოვებენ“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა ემიგრაცია, რადგან არიან ქალები, რომლებმაც საზღვარგარეთ წასვლის წინ პატარა შვილები დატოვეს და ისინი ისე დაიზარდნენ, რომ არც კი უნახავთ.
„ეს ამ ქალბატონებმა რა ფასად გააკეთეს, ყველამ კარგად ვიცით. დაცლილია სოფლები, ქალაქები და ირგვლივ ყველაფერი განადგურებულია. ეს ქალბატონები უკან უნდა დავაბრუნოთ. მათი უკან ჩამოყვანა და ოჯახებში დაბრუნება არამხოლოდ პრეზიდენტის, არამედ მთელი ქვეყნის ვალია“, – განაცხადა გაბუნიამ.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ პირველი არხის მიერ შეთავაზებულ ტრიბუნას იმისთვის იყენებს, რათა ხალხს გააგებინოს, რომ მათზეა დამოკიდებული, თავიანთ შვილებს რა ცხოვრება ექნებათ.
„ნუ შეეშინდებათ ეზოებში შესული გამგებლების, რომლებიც პენსიების მოხსნით, გაზისა და დენის ჩაჭრით აშინებენ. ისინი ვერც ერთს ვერ გააკეთებენ. ისინი გიყენებენ თავიანთი სარგებლობისთვის. ისინი უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე თქვენ. თქვენი შვილები ამიტომ გარბიან და თქვენც გასაქცევად გექნებათ საქმე, თუ თქვენს ჭკუას არ ენდობით და ზუსტ გადაწყვეტილებას არ მიიღებთ. გვეყო სხვისი ჩურჩულით გადაწყვეტილი საქმე, რამაც დღევანდელ მდგომარეობამდე მიგვიყვანა“, – განაცხადა გაბუნიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რადგან კონსტიტუციაში ჩანაწერით პრეზიდენტი ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტია, როგორ ესახება ამ ფუნქციის შესრულება იმ პირობებში, როცა არსებობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გამოწვევა, ვახტანგ გაბუნიამ განაცხადა, რომ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, რომელსაც ის წარმოადგენს, მკვეთრად გამოხატული ევროპული ორიენტაციის პოლიტიკური გაერთიანებაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ველაპარაკოთ ისეთ მეზობელს, რომელიც ჩვენი ავტობანიდან ხუთას მეტრში დგას.
„მას უნდა ელაპარაკო და ამ ლაპარაკში არ უნდა მოასვენო, თორემ მცხეთაში რომ სალობიე გვაქვს, მავთულხლართს იქ შემოგვივლებს და ვიღაცებს, სალობიეში რომ ვერ შევლენ, მერე გაახსენდებათ, ეს რა მოხდაო. ამიტომ, მასთან საუბარი აუცილებელია. მე არ ვამბობ იმას, რომ მას პირისპირ დავუჯდებით. ეს შეუძლებელია, რადგან მთელი ჩვენი ისტორია ამას ამბობს, რომ რუსეთთან ხელშეკრულება არაფრის მომცემი არ არის, მაგრამ ჩემი ხალხის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა უნდა შეძლოს, დასავლური ძალებიდან რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს, რათა ჯერ მოგვისმინოს და მერე, რაღაც ნაბიჯი გადადგას, რომელიც არ გვავნებს“, – განაცხადა ვახტანგ გაბუნიამ.