ვახტანგ ცინცაძე - უცხოური ინვესტიციების მოცულობა ყველა სხვა წელთან შედარებით 2022 წელს იყო რეკორდული და 2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა
უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2022 წელს იყო რეკორდული ყველა სხვა წელთან შედარებით და 2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
როგორც ვახტანგ ცინცაძემ აღნიშნა, წინა წელთან შედარებით ინვესტიციების მოცულობა 61 პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო თუ შევხედავთ 2019 წელს, მაშინ ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 48 პროცენტით არის გაზრდილი.
„უნდა აღინიშნოს, რომ, კომპონენტების მიხედვით, გაზრდილია როგორც რეინვესტირების მაჩვენებელი, ასევე გაზრდილია სააქციო კაპიტალი, ხოლო სავალო ვალდებულებები შემცირებულია. აღნიშნული, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მიანიშნებს ინვესტორთა ნდობას საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის მიმართ. ქვეყნებს თუ შევხედავთ, ინვესტიციები გაზრდილია გაერთიანებული სამეფოდან, ესპანეთიდან, აშშ-დან, ნიდერლანდებიდან და ირლანდიიდან. ხოლო, ზოგადად, ქვეყნების ჯგუფებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ორჯერ მეტად არის გაზრდილი ინვესტიციები ევროკავშირიდან – დაახლოებით 859 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს და მთლიან ინვესტიციებში ევროკავშირის წილი 43 პროცენტია. უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტიციების შემოდინება ქვეყანაში მნიშვნელოვანია როგორც დამატებითი ღირებულების შექმნის მიზნით, ასევე ინვესტიციებს მოჰყვება მნიშვნელოვანი ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი და, ზოგადად, პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.