ვახტანგ ცინცაძე - საქართველოში სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა
ერთი წლის განმავლობაში სიღარიბე 3,8 პროცენტული პუნქტით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიღარიბეს დაახლოებით 140 ათასმა ადამიანმა დააღწია თავი“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.
საქსტატის ინფორმაციით, სიღარიბის დონე შემცირდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში და როგორც სოფლად, ასევე ქალაქად.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, სიღარიბის ასეთი ტემპით შემცირება შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის სწორი და თანამიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, რაც, ერთი მხრივ, განაპირობა მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ, მეორე მხრივ კი, მიზნობრივმა სოციალურმა პოლიტიკამ.
„საქსტატის მონაცემებით, სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული და 11,8 პროცენტს შეადგენს. ამ მონაცემს სამწლიან ჭრილში თუ განვიხილავთ, დავინახავთ, რომ სიღარიბეს თავი 350 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია. ჩვენი მოლოდინია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს სიღარიბის შემდგომ შემცირებას და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გაუმჯობესებას“, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.