ვახტანგ ცინცაძე - რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური დაძაბულობის და საგარეო შოკების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და აგრძელებს მაღალი ტემპით ზრდას
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, დეკემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.0 პროცენტით განისაზღვრა.
მისივე თქმით, რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური დაძაბულობის და საგარეო შოკების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და აგრძელებს მაღალი ტემპით ზრდას.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს როგორც ევროპის რეგიონის, ასევე ფართო რეგიონის და ევროპის კანდიდატ ქვეყნებს შორის აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2023 წლის განმავლობაში. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდება მომავალ წლებშიც. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო როგორც საგარეო ვაჭრობის, ასევე ტურიზმის და საინვესტიციო საქმიანობის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები. როგორც მოგეხსენებათ, საგარეო ვაჭრობის კუთხით, ექსპორტის დაახლოებით 9-პროცენტიანი ზრდა გვაქვს და ექსპორტის მოცულობამ რეკორდულ, 6.1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებლით ასევე რეკორდული შედეგი გვაქვს 2023 წელს. 4 მილიარდ 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა. ჯამურად კი, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 17 პროცენტით გაიზარდა“, – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ასევე ზრდის ტენდენციით ხასიათდება ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობა.
„ჯამურად, ყოველივე აღნიშნული გვაძლევს პოზიტიურ ოპტიმიზმს, რომ ამ ტემპით ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება 2024 წელსაც და 2024 წელიც იქნება შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. აქვე გამოვყოფდი იმ გარემოებას, რომ საქართველომ შეძლო და გადააჭარბა იმ პროგნოზებს, რომლებიც წლის დასაწყისიდან სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან კეთდებოდა საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებით. ფაქტობრივად, ყველა პროგნოზზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა მივიღეთ 2023 წლის განმავლობაში“, – განმარტა ვახტანგ ცინცაძემ.