ვახტანგ ცინცაძე - ოქრიაშვილის განცხადება არათუ ყოველგვარ ეკონომიკურ შინაარსს არის მოკლებული, არამედ პოპულისტური გამოსვლისთვისაც კი ვერ გამოდგება
ვახტანგ ცინცაძე - ოქრიაშვილის განცხადება არათუ ყოველგვარ ეკონომიკურ შინაარსს არის მოკლებული, არამედ პოპულისტური გამოსვლისთვისაც კი ვერ გამოდგება

დღეს გამოქვეყნდა აზიის განვითარების ბანკის ეკონომიკური მიმოხილვა, რომლის თანახმად, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-ს შეადგენს. თუმცა, როგორც წესი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებისას საკმაოდ კონსერვატიულები არიან, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

მან მაგალითად მოიყვანა 2022 წელი, როდესაც, მისივე თქმით, წლის დასაწყისში საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს ეკონომიკის დაახლოებით 3%-იან ზრდას ელოდნენ, თუმცა წლის განმავლობაში ეს პროგნოზები რამდენჯერმე გადაიხედა და რეალური ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა დეპუტატ კახაბერ ოქრიაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, რეალურ ეკონომიკურ ზრდას ინფლაციის მაჩვენებელი უნდა გამოაკლდეს.

ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ეს არათუ ყოველგვარ ეკონომიკურ შინაარსს არის მოკლებული, არამედ პოპულისტური გამოსვლისთვისაც კი ვერ გამოდგება, იმდენადაა აცდენილი ელემენტარულ ეკონომიკურ პრინციპებს.

„ოქრიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადება, რომელიც რეალურ ეკონომიკურ ზრდას ინფლაციას აკლებს, ყოვლად გაუგონარი ფენომენია და ელემენტარული ეკონომიკის პრინციპების ცოდნის შემთხვევაში მსგავსი დაშვების გაკეთებაც კი წარმოუდგენელია. აქვე აღვნიშნავ იმ ფაქტს, რომ 2022 წელს საქართველოს ჰქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა მსოფლიოს მასშტაბით. მე ვსაუბრობ რეალურ ეკონომიკურ ზრდაზე და ის 10.1%-ს შეადგენდა, მაშინ როდესაც, მაგალითად, პოლონეთის ეკონომიკური ზრდა იყო 4.9%, ევროზონის ეკონომიკური ზრდა – 3.5%, ლიეტუვისა და ლატვიის ეკონომიკური ზრდა – დაახლოებით 5%-ის ფარგლებში, მოლდოვასა და ესტონეთის შემთხვევაში კი საერთოდაც ეკონომიკური შემცირება დაფიქსირდა“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, ვახტანგ ცინცაძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ის მაჩვენებლები, რომელსაც საქართველო ეკონომიკური ზრდის მიმართულებით აფიქსირებს, ერთ-ერთი გამორჩეულია.

მისი თქმით, ანალოგიურად გამორჩეულად დაიწყო 2023 წლის პირველი ორი თვეც – იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.1%-ს შეადგენს.

„ჩვენ მიმდინარე წელსაც აღნიშნული პოზიტიური ტენდენციების გაგრძელების მოლოდინი გვაქვს“, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.