ვახტანგ ცინცაძე - მსოფლიო ბანკის კვლევით, 2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5-ჯერ აჭარბებს ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს
მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განახლებული ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მიმოხილვის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,5 პროცენტს შეადგენს, რაც რეგიონის მასშტაბით ყველაზე მაღალია.
„2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5-ჯერ აჭარბებს ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში შემოსავლები 2,5-ჯერ მეტად იზრდება ევროკავშირის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით. ჩვენი მიზანი და ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკური ზრდის მიმართულებით“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2024 წლის 8 თვის მონაცემებით საქართველოში საშუალო ეკონომიკური ზრდა 10 პროცენტს შეადგენს.
„ჩვენი ამოცანაა, რომ როგორც წლის ბოლომდე, ისე მომავალ წლებშიც შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რათა შევამციროთ სხვაობა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების ცხოვრების დონეებს შორის. აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს. მათ შორის, ხორციელდება არაერთი სტრუქტურული რეფორმა. ასევე იდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები ინფრასტრუქტურის და ევროკავშირთან და რეგიონის ქვეყნებთან დაკავშირებადობის გაუმჯობესების კუთხით. უპრეცედენტოდ მიმზიდველია საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესკლიმატი, რასაც ხელს უწყობს ეფექტიანი მარეგულირებელი გარემო და სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები, რომლებიც მიმართულია როგორც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისკენ. ასევე გამოვყოფდი პოლიტიკას, რომელიც მთავრობას აქვს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.