ვახტანგ ცინცაძე - მოლოდინია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზია, ეს ნიშნავს მოსახლეობის შემოსავლების ზრდას
ჩვენი მოლოდინია, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის პროგნოზი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.
ცინცაძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები.
„ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება. როგორც მოგეხსენებათ, არაერთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ზრდის მიმართულებით გადახედა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს. ჩვენი მოლოდინია, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის პროგნოზი, რაც ნიშნავს ქვეყანაში დამატებით სამუშაო ადგილებს, დამატებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და ზოგადად, მოსახლეობის შემოსავლების ზრდას“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ცინცაძის განცხადებით, აგვისტოში ექსპორტის 30-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და 640 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მშენებლობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, განათლების და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორებში.
საქსტატის მონაცემებით, აგვისტოში საქართველოში ეკონომიკა 12 პროცენტით გაიზარდა.