ვახტანგ ცინცაძე - ინფლაციის შემცირება შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის თანმიმდევრული და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად
ივლისის თვის მაჩვენებლებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფლაციამ 0,3 პროცენტი შეადგინა და, ზოგადად, ფასების დონის ზრდა გამოწვევას აღარ წარმოადგენს საქართველოსთვის და ფასები დასტაბილურებულია, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.
ცინცაძის თქმით, გლობალურად, მაღალი გაურკვევლობის ფონზე, ინფლაცია კვლავ გამოწვევაა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი ფიქსირდება.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფასების შემცირება ფიქსირდება საბაზისო მოხმარების ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის საწვავი, როგორიც არის მედიკამენტები. ხოლო, ასევე, შემცირება ფიქსირდება სურსათის ფართო მოხმარებად პროდუქტებზე, როგორებიცაა მზესუმზირის ზეთი, ხორბლის ფქვილი და ა.შ. ინფლაციის შემცირება, რა თქმა უნდა, შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის და საქართველოს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად და ასევე, იმ სტრუქტურული გამოწვევების აღმოფხვრისკენ მიმართული ღონისძიებების შედეგად, რაც საქართველოს მთავრობამ ბოლო პერიოდში გაატარა ზოგადად კონკურენციის ზრდით და სხვადასხვა ბაზრებზე სტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრის კუთხით“, – განაცხადა ცინცაძემ.