ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება
20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრალდებული რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთნის, თეა ბეგიაშვილის პროცესზე დღეს მხარეები შესავალ სიტყვებს იტყვიან.
როგორც გარდაცვლილის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა განაცხადა, პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მისი შვილი ექიმების სამედიცინო დარღვევების შედეგად გარდაიცვალა.
მისივე განმარტებით, თეა ბეგიაშვილის დანაშაული პროკურატურას მკაფიოდ აქვს გამოკვეთილი, განსხვავებით სხვა ექიმებისგან, რომლებიც, დაზარალებულის პოზიციით, ასევე დამნაშავეები არიან მისი შვილის გარდაცვალებაში და პროკურატურამ მათი დანაშაული არ გამოიძია.
მისივე თქმით, როდესაც ბეგიაშვილი პროკურატურას ჩვენებებში უთითებდა, რომ ესა თუ ის მოქმედება მითითების შედეგად გააკეთა, გამომძიებელს შეკითხვა არ დაუსვამს, მითითებას ვინ აძლევდა.
როგორც დაზარალებული განმარტავს, ბრალდებული სხვა დამნაშავეებს არ ასახელებს. ამის შედეგია, რომ ბეგიაშვილი, რომლის დანაშაულიც პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, აგრძელებს მუშაობას პაციენტებთან რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
თავად ბრალდებულმა თეა ბეგიაშვილმა, რომელსაც გირაო აქვს შეფარდებული, და მისმა ადვოკატმა კომენტარი არ გააკეთეს.
ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების გამოყოფილ საქმეზე გამოძიება ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.
ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობდა.