ვახტანგ ჭარაია - საქართველოს, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს ჰყავს ყველაზე ეფექტური მთავრობა
პრემიერ-მინისტრის გუშინდელი გამოსვლა იყო ძალიან კომპეტენტური და არც ის მომერიდება, აღვნიშნო, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ყველაზე ეფექტური მთავრობა, რაც კი საქართველოს ჰყოლია, თავისი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, – ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ეკონომიკის ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ცალკეულ მინისტრებთან მიმართებით ერთნაირი შეფასება არ აქვს და გარკვეულ მიმართულებებში არის სისუსტეები.
„მაგალითად, ასეთად დავასახელებ საგარეო ურთიერთობებს, სადაც სხვადასხვა მიზეზის გამო მოვიკოჭლებთ ხოლმე, მაგრამ საკმაოდ ძლიერ მხარეს ვიტყოდი ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც ძალიან აქტიურია. ეკონომიკის მინისტრი აკეთებს იმაზე მეტს, რაც შესაძლებელი იყო კრიზისულ ვითარებაში. ეს ემჩნევა და ეტყობა იმ მიმართულებებს, რომლებსაც ის კურირებს“, – აღნიშნა ჭარაიამ.
მისივე თქმით, პოსტკრიზისული გეგმის შემუშავებაში, უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, საჭიროა ქართველი ექსპერტების ჩართვაც.
შეიძლება, გარკვეული რჩევებითაც მივმართოთ პრემიერ-მინისტრს, როდესაც პოსტკრიზისულ გეგმაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, დღეს შეუძლებელია, ეს კრიზისული გეგმა დაწერონ, ეს გვესმის, თუმცა, უნდა მიმდინარეობდეს სხვადასხვა სცენარის დამუშავება და როდესაც პრემიერ-მინისტრმა ახსენა, რომ კემბრიჯისა და „დელოიტის“ წარმომადგენლები მუშაობენ სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე, აქ ასევე აქტიურად უნდა იქნან ჩართული ქართველი სპეციალისტები, რადგან, რაც არ უნდა მაღალი კვალიფიკაციის ინგლისელი ან ამერიკელი ეკონომისტი იყო, შეუძლებელია, ფლობდე საქართველოში არსებულ სპეციფიკას, მათ შორის, ვგულისხმობ სოციალურ გარემოს, პოლიტიკურ გარემოს“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
მისი თქმით, დღეს აჩქარების დრო არ არის.
„ჩვენ უნდა ვიჩქაროთ, თუმცა უნდა ვიჩქაროთ ნელა, რადგან ჯერ კიდევ არ ვიცით, მოსალოდნელია თუ არა მეორე ტალღა და თუ იქნება მსოფლიო ბანკის თუ სხვა საერთაშორისო სავალუტო ფონდების პროგნოზები საქართველოსთან მიმართებით, რომ მინუს ოთხი პროცენტი იქნება წელს, შეიძლება მინუს ოთხი არ იყოს და შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი მინუსი იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლება არ აჰყვეს პოლიტიკურ მოწოდებებს, შანტაჟს, რომ რაც შეიძლება მეტი ფული ხარჯოს. მან საკმარისად დაარიგა ფინანსური რესურსი როგორც ბიზნესზე, ასევე კერძო სექტორზე. საჭიროა ცოტა დალოდებაც, რადგან ეს ფინანსური რესურსი, რაც გვაქვს, შეიძლება არ იყოს საკმარისი, თუ ვირუსის კიდევ ერთი ტალღა განმეორდა. შესაბამისად, ჩვენ გვმართებს უფრო შორს მიმავალი გეგმის დასახვა ამ ამომავალი წერტილიდან და შემდეგ უკვე იმ სახარჯო პოლიტიკის განსაზღვრა“, – აღნიშნა ვახტან ჭარაიამ.