ვახტანგ ჭარაია - რუსეთი ცდილობს, დაგვაშოროს დასავლეთს, სწორედ უმნიშვნელოვანეს მომენტებში რთავს ბერკეტებს, რაც ნამდვილად არ არის საქართველოს ხელისუფლების ბრალეულობა
შეიძლება, ერთი შეხედვით, დღეს მარტივი ჩანდეს, რომ მოდით, ფრენებზე უარი ვთქვათ და ამით, როგორც ამბობენ, დავუმტკიცოთ რუსეთს, რომ ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ, მაგრამ ეს არ არის ის საკითხი, რომელიც შეიძლება, ასე კონტექსტიდან ამოგლეჯილად განვიხილოთ, – ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორმა, „ჯეოქეისის“ ეკონომიკურმა მრჩეველმა, ვახტანგ ჭარაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„დღეს შეიძლება, ამაზე თქვა უარი, ხვალ ამის საპასუხოდ შეიძლება, რაღაც რეაქცია მოჰყვეს, ზეგ შენ მაშინ ისევ რაღაც რეაქცია უნდა გამოავლინო და სწორედ ეს არის ის, რისი თავიდან არიდებაც ჩვენ მოვახერხეთ უკრაინაში ომის დაწყებიდან, რომ შესაძლებელი იყო, საქართველოშიც ომი გაჩენილიყო. მთლიან სურათს თუ შევხედავთ, იქ უკვე არ არის იმის შესაძლებლობა, რომ რაღაც ერთ კონკრეტულზე თქვა უარი, ამით დაიკმაყოფილო თავმოყვარეობა და აქ დამთავრდეს ეს პროცესი. ამ პროცესს აუცილებლად ექნება უკურეაქცია და იმ დროს, როდესაც ჩვენ არ ვართ არც ევროკავშირის წევრი, არც ნატო-ს წევრი, ეს სახიფათოა“, – განაცხადა ჭარაიამ.
მისი თქმით, ოკუპანტ ქვეყანასთან ეკონომიკური თანამშრომლობის ქონა არავის უხარია, მაგრამ ამას საჭიროება მოითხოვს.
„მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, მათ შორის, სწორედ ტურიზმის სექტორზეა დამოკიდებული და კონკრეტულად, ცალკე აღებულ ტურიზმის სექტორზეც რომ არ იყოს საუბარი, შეიძლება, უცებ, ერთი რადიკალური ნაბიჯით შარშანდელი თუ შარშანწინდელი პოზიტიური ტრენდი, რაც გვქონდა, ლარის სტაბილურობა იქნება ეს, სამუშაო ადგილების სტაბილურობა თუ, ზოგადად, სიმშვიდე, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, ერთბაშად შეიძლება, რადიკალურად სხვა მიმართულებით შეიცვალოს. ამიტომ არის ეს პრობლემური და როდესაც ვიღაც გვეუბნება, მოდი, ეს ფრენა ავკრძალოთ და ამით მაგარ რაღაცას გავაკეთებთ, ამის იქით არის მთელი სურათი დასანახი, რადგან პროცესი აქ არ მთავრდება“, – განაცხადა ჭარაიამ.
ეკონომიკის დოქტორმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ფრენების აღდგენა არ იყო საქართველოს ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილება.
„ეს არ იყო საქართველოსთვის გაკეთებული კეთილი საქმე რუსეთის მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს სწორედ პროვოკაციაა საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში, რომელიც მას უდგას ამ დღეებში და, ზოგადად, ამ წელს. ისინი ცდილობენ, დაგვაშორონ იმ დასავლეთს, საითაც მივდივართ. რუსეთი სწორედ ასეთ მომენტებში რთავს თავის გარკვეულ ბერკეტებს, რაც ნამდვილად არ არის საქართველოს ხელისუფლების არც დამსახურება და არც ბრალეულობა. მათი ნაბიჯები არ იყო გადადგმული იმისთვის, რომ ოღონდ ეს ფრენები გაეხსნა რუსეთს; ეს ნაბიჯი არ იყო, მაგრამ როდესაც რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგა, საქართველოს ხელისუფლებას უკვე მართებს პასუხისმგებლობა, რომ გადადგას შემხვედრი ნაბიჯი. ან კი უნდა ეთქვა ამ ფრენებისთვის, ან უარი. ამ რეალობის წინაშე დადგა საქართველოს ხელისუფლება და ამ რეალობასა და გეოპოლიტიკაში, რომელიც დღეს გვაქვს, მე, მაგალითად, შესაძლებლად არ მეჩვენება, რომ ასე მარტივად რუსეთს უთხრა – არ მინდა და შენთვის დაიტოვე ეს შემოთავაზება. არ მუშაობს ეს ასე მარტივად. შეიძლება, ასეთი შემოთავაზება, პირობითად, ევროპელებთან უფრო ცივილურად მუშაობდეს, რუსეთთან კი ასე ცივილურად ვერ იმუშავებს და ეს უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა ჭარაიამ.
მისი თქმით, იმ ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა, რომლებიც ამ სქემას საქართველოს მხრიდან ანტიდასავლურ ნაბიჯად ხედავენ, უნდა შეაფასონ ის, რომ საქართველო ამ შემთხვევაში დგამს ადეკვატურ ნაბიჯს, რა სიტუაციაშიც ის აღმოჩნდა.
„თუ ევროკავშირი და ამერიკა იმ ნარატივში ჩაჯდება, რასაც რუსეთი აკეთებს, რომ, აი, საქართველოსთან მინდა დაახლოება და დასავლეთიდანაც თუ იქნება, რომ საქართველოს მართალა უნდა რუსეთთან დამეგობრება, მაშინ თვითონ გვიბიძგებენ რუსეთისკენ, ხომ?! ანუ, ის კი არ არის, რომ გვიცავენ ან მხარს გვიჭერენ, პირიქით, რუსეთის თამაშში გადადიან თვითონაც. შეიძლება, პირობითად, ჩვენ ახლა არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს სწორედ რომ რუსული თამაში და რუსეთის ინტერესების გაზიარება იქნება. დარწმუნებული ვარ, ევროპელები და ამერიკელები ამას სწორად გაანალიზებენ. შეიძლება, მესიჯებში ასე სჭირდებოდეთ სიგნალების გაშვება, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, კანდიდატის სტატუსი იქნება ეს თუ სხვა, იმედი მაქვს, სწორი ნაბიჯები გადაიდგმება, რომელიც იქნება პროქართული და, მათ შორის, პროდასავლური, რადგან ამ რეგიონში დასავლეთს საქართველოზე მეტი დასაყრდენი არ ჰყავს თუ, საერთოდ, ვინმე ჰყავს“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.