ვახტანგ ჭარაია - ანაკლიის პორტის პროექტში ჩინური მხარის ჩართულობა დასავლური ტრაექტორიიდან რაიმე სახით გადახვევას არ გულისხმობს, პირიქით, ის დასავლეთის ინტერესებსაც ემსახურება
ჩინური მხარის ჩართულობის გარეშე ანაკლიის პროექტის სრულფასოვანი განხორციელება რთულად წარმომიდგენია, – ამის შესახებ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია შემოსავლების, დასაქმების, სტაბილურობის და უსაფრთხოების კუთხითაც.
„საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად სჭირდება ახალი ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც მას როგორც ეკონომიკურ, ასევე არაეკონომიკურ კონტექსტშიც მისცემს სარგებელს, აქ იგულისხმება უსაფრთხოება, რა თქმა უნდა. შესაბამისად, აუცილებელია ამ პროექტის განხორციელება და მნიშვნელოვანია მასში ჩინური მხარის მონაწილეობა, თუნდაც ერთ-ერთი სუბიექტის მაინც, თუ არა მთავარი წამყვანი ძალის, იმიტომ, რომ ამ დერეფანში ტვირთის ძირითადი მიმღები და ძირითადი გამცემი, რომელიც გამოიყენებს ანაკლიის პორტს, იქნება სწორედ ჩინური მხარე. მათი ჩართულობის გარეშე რთულად წარმომიდგენია ამ პროექტის სრულფასოვანი განხორციელება. გასათვალისწინებელია, რომ, შუა დერეფნის კონტექსტში, ანაკლიის პორტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი, რომელიც არა მარტო ქართული ინტერესების, არამედ მთლიანად შუა დერეფნის ინტერესებს ემსახურება, მათ შორის, ევროკავშირის ინტერესებსაც და ამ დერეფანში საქართველოს ქმნის ერთ-ერთ მთავარ ტრანზიტორ ქვეყნად. გასათვალისწინებელია, რომ ანაკლიის პორტის ტვირთბრუნვა სხვადასხვა ეტაპზე, შესაძლოა, მაქსიმუმის შემთხვევაში, 100 მლნ ტონა ტვირთსაც კი მიუახლოვდეს, შესაბამისად, დღეს არსებული რამდენიმე ათეული მილიონი, პლიუს 100 მილიონ ტონამდე ტვირთის დამატებით, სულ სხვა განზომილებაში გადადის და სულ სხვა რეალობას მისცემს როგორც საქართველოს, ასევე მის პარტნიორ ქვეყნებს. შემოსავლების, დასაქმების კუთხითაც, სტაბილურობის და უსაფრთხოების კუთხითაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
მისი თქმით, პროექტში ჩინური მხარის მონაწილეობა დასავლეთისკენ კენჭის სროლის სახით არ უნდა იყოს დანახული, პირიქით, ეს პროექტი დასავლურ ინტერესებსაც ემსახურება.
„ჩინური მხარის მონაწილეობა აქ ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დასავლეთიდან ჩინური მხარის მონაწილეობა არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, კენჭის სროლის სახით დანახული, იმიტომ, რომ ეს პროექტი ემსახურება დასავლურ ინტერესებსაც და ჩინეთის ჩართულობა ამ პროექტში არ გულისხმობს დასავლური ტრაექტორიიდან რაიმე სახით გადახვევას. პირიქით, დასავლეთის ინტერესებს ემსახურება, ქართულ ინტერესებს ემსახურება და ემსახურება იმას, რომ საქართველო იყოს უფრო სტაბილური, უფრო მეტი შესაძლებლობის მქონე, უფრო ძლიერი ფინანსურად და ა.შ.
უსაფრთხოების ნაწილში ვგულისხმობ იმას, რომ ანაკლიის მასშტაბის პროექტი საქართველოში, პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე არ გვაქვს. თუ შევადარებთ, შეგვიძლია შევადაროთ ბაქო-თბილისი-ყარსის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენს და მსგავს პროექტებს, რომლებზეც არაერთხელ ითქვა, რომ 2008 წელს სწორედ მათ იქონიეს ძალიან დიდი როლი საქართველოს მხარდაჭერაში დასავლეთის მხრიდან. შესაბამისად, კიდევ ასეთი მასშტაბის პროექტის დამატება საქართველოს ახალ შესაძლებლობებს უხსნის, რომ თავისი პარტნიორების თვალში იყოს მეტად საჭირო პარტნიორი, რომ მის სტაბილურობას არ შეექმნას რაიმე ტიპის პრობლემა და ამ შემთხვევაში უკვე ჩინეთიც, დასავლეთიც თვითონ ხდებიან გარანტორები, გამომდინარე რა ასეთ მასშტაბურ პროექტში იღებენ მონაწილეობას, რომ ამ ქვეყანას და ამ დერეფანს არ შეექმნას რაიმე მნიშვნელოვანი სირთულეები. შესაბამისად, ეს პირდაპირ ითარგმნება უსაფრთხოებაში, პოლიტიკურ სტაბილურობაშიც და ეკონომიკურ შემოსავლებშიც“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.