ვახტანგ ბუცხრიკიძე - საინვესტიციო საბჭო, რომელიც საპენსიო სისტემაში საინვესტიციო პოლიტიკაზე იქნება პასუხისმგებელი, პროფესიონალებით დაკომპლექტდება
საინვესტიციო საბჭო, რომელიც კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო სისტემაში საინვესტიციო პოლიტიკაზე იქნება პასუხისმგებელი, პროფესიონალებით დაკომპლექტდება, – ამის შესახებ ბიზნესასოციაციის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბუცხრიკიძემ ბიზნესასოციაციისა და საპენსიო რეფორმის ავტორების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბუცხრიკიძე ფიქრობს, რომ ამის საშუალებას საინვესტიციო საბჭოს არჩევის წესი იძლევა.
„დღეს გვქონდა რისკებზე საუბარი, მე ვახსენე საინვესტიციო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული უნდა იყოს დამოუკიდებელი პროფესიონალი ადამიანებით. რა თქმა უნდა, განიხილავენ კანდიდატებს და, საბოლოოდ, წევრებზე გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის ხარისხი მაქსიმალურად იქნება დაცული“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
საინვესტიციო საბჭო პასუხისმგებელი იქნება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკაზე. საპენსიო სააგენტო არის ახალი ორგანო, რომელიც საპენსიო რეფორმის ფარგლებში იქმნება.
საინვესტიციო საბჭო ხუთი დამოუკიდებელი წევრისგან შედგება. საბჭოს წევრები შესაძლებელია იყვნენ, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათ შეარჩევს კომისია და დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. საინვესტიციო საბჭო დამოუკიდებლად განახორციელებს ინვესტირებას. კანონპროექტის მიხედვით, საბჭო იმოქმედებს მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით. სწორედ საინვესტიციო საბჭო დააბანდებს იმ თანხას, რომელიც საპენსიო ფონდში დაგროვდება. შემოსული მოგება კი ისევ საპენსიო სისტემაში ჩართულ მოქალაქეს დაერიცხება.
საპენსიო სააგენტოს ეყოლება ასევე სამეთვალყურეო საბჭო და მისი ფუნქცია ადმინისტრაციულ საკითხებსა და სისტემის განვითარებაზე ზრუნვა იქნება. საბჭო დაკომპლექტდება ეკონომიკის, ფინანსთა, ჯანდაცვის მინისტრისა და საბჭოს თავმჯდომარისგან. სავარაუდოდ, თავმჯდომარეც სწორედ ამ სამი წევრიდან შეირჩევა.
გარდა ამისა, საინვესტიციო ნაწილში სამეთვალყურეო ფუნქცია ექნება ეროვნულ ბანკს. ის საინვესტიციო საბჭოს ფუნქციონირების პროცესს ყოველდღიურ რეჟიმში დააკვირდება. თუმცა ბანკი მხოლოდ პროცედურულ ნაწილს გააკონტროლებს. საპენსიო რეფორმის ამოქმედება 2018 წლის სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.