ვახტანგ ბუცხრიკიძე - ვცდილობთ, ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციებს მაქსიმალურად მომზადებული შევხვდეთ
საბანკო სექტორი მეტ-ნაკლებად მომზადებული ხვდება ეროვნული ბანკის მიერ შემოღებულ ახალ რეგულაციებს, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა. ეროვნულმა ბანკმა რეგულაციები ჭარბვალიანობის შემცირებისა და პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში შემოიღო.
მისი თქმით, რეგულაციების შესახებ მოლოდინი არსებობდა, ვინაიდან ბოლო პერიოდში ამაზე ეროვნული ბანკისა და მთავრობის წევრების მხრიდან საუბრები მიმდინარეობდა.
„მეტ-ნაკლებად, ვფიქრობ, რომ ამ ახალ გამოწვევებს საბანკო სექტორი მომზადებული ხვდება. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, საბანკო სექტორს დრო მეტი ჰქონოდა ამ ცვლილებებისთვის, მაგრამ ვცდილობთ, მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ ცვლილებებს“, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.
ამასთან, მისი თქმით, იყო მოლოდინი, რომ ახალი რეგულაციები 2019 წლის დასაწყისში ამოქმედდებოდა.
„ვმუშაობდით ეროვნულ ბანკთან და მოლოდინი გვქონდა, რომ ეს გარკვეული ცვლილებები 2019 წლის დასაწყისში ამოქმედდებოდა. ანუ დაახლოებით შვიდი თვის განმავლობაში გვინდოდა სიღრმისეული მუშაობა ეროვნულ ბანკთან ერთად. ცვლილებების მიღება ასე ვთქვათ, უფრო სწრაფად, ოპერატიულად მოხდა“, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.
2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ.