ვახტანგ ბუცხრიკიძე - არსებობს თეორიული მოლოდინი, რომ ლარი გამყარდება
არსებობს თეორიული მოლოდინი, რომ ეროვნული ვალუტა გამყარდება, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.
გადაცემის თანაწამყვანმა და კომპანია „გურიელის“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჭკუასელმა აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ბიზნეს სექტორისთვის მთავარ გამოწვევად ისევ ლარის კურსი რჩება. გადაცემის თანაწამყვანმა აღნიშნა, რომ ლარი დღეს მცირედით ისევ გაუფასურდა და მიუახლოვდა გასული აგვისტოს პირველ რიცხვში დაფიქსირებული გაუფასურების მაჩვენებელს, როდესაც ერთი აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითმა კურსმა 2.97 ლარი შეადგინა. შემდეგ კურსი შედარებით გამყარდა, დღეს კი ისევ 2.96-ის ნიშნულზე ავიდა.
ჭკუასელის მოსაზრებით, საჭიროა ვალუტის გაუფასურების მიზეზების სიღრმისეული შესწავლა, რადგან ლარის კურსი უფასურდება იმისდა მიუხედავად, რომ ვალუტის კურსზე მოქმედი ყველა ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორი დადებითია. გადაცემის თანაწამყვანმა „თიბისი ბანკისა“ და „საქართველოს ბანკის“ შვილობილი ანალიტიკური კომპანიის „გალტ ენდ თაგარტის“ ლარის კურსთან დაკავშირებით გაკეთებული პროგნოზებიც მოიშველია. ორივე ფინანსური კომპანიის ანალიზის მიხედვით, ლარი მოსალოდნელზე 10-13 პროცენტით უფრო მეტადაა გაუფასურებული და ეროვნული ვალუტა წლის ბოლომდე სავარაუდოდ გამყარდება.
ბუცხრიკიძე გადაცემის თანაწამყვანის პროგნოზს დაეთანხმა. მისი განმარტებით, რთულია ზუსტი დროის განსაზღვრა, თუ როდის დაიწყებს ლარი გამყარებას, თუმცა არსებობს თეორიული მოლოდინი, რომ ლარი უნდა გამყარდეს.
„საფუძვლად მოვიყვან ჩვენი ანალიტიკოსების შიდა კვლევებს, რომელთა შესაბამისად დღეს არსებული როგორც გარე, ისე შიდა ფაქტორების გათვალისწინებით, ლარი მოსალოდნელზე მეტად არის გაუფასურებული. იმის თქმა არ შემიძლია, ეს ერთ კვირაში მოხდება თუ რამდენიმე თვის განმავლობაში, მაგრამ არსებობს თეორიული მოლოდინი, რომ ლარი გამყარდება“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.