ვახტანგ აბაშიძე - საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა ევროპასთან პირდაპირი ინფრასტრუქტურული საზღვრით, რაც ჩვენი უპირატესობაა, ჩამოვყალიბდეთ რეგიონის ციფრულ ჰაბად
ვახტანგ აბაშიძე - საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა ევროპასთან პირდაპირი ინფრასტრუქტურული საზღვრით, რაც ჩვენი უპირატესობაა, ჩამოვყალიბდეთ რეგიონის ციფრულ ჰაბად

საქართველოს გარანტირებული უპირატესობა აქვს, რომელიც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, გამოიყენოს უკვე არსებული განვითარებული სატელეკომუნიკაციო მაგისტრალური ინფრასტრუქტურა, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და კომერციული კონტრაქტები, რათა აქტიურად განავითაროს კორიდორი ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, სადაც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში კიბერუსაფრთხოების მოწყვლადობის თემა განიხილებოდა.

ვახტანგ აბაშიძემ ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს პოტენციალისა და პერსპექტივის შესახებ ისაუბრა და განიხილა ქვეყნის, როგორც ციფრული ჰაბისა და დატა ცენტრის შექმნის უნიკალური შესაძლებლობა.

„ცნობილია, რომ აზიის ქვეყნები ევროპულ ინტერნეტზე ალტერნატიულ გასასვლელს ეძებენ. ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს პერსპექტივა, როგორც ციფრული ჰაბისა და დატა ცენტრის, სწორედ აღნიშნულ შავი ზღვის კაბელზე  გადის. საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა ევროპასთან პირდაპირი ინფრასტრუქტურული საზღვრით.  რეგიონში საქართველო საერთაშორისო ტრანზიტის გამტარია სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, რომლებიც თავის მხრივ, ტრაფიკს ამისამართებენ ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიისკენ. სწორედ აღნიშნული მარშრუტების გახსნა ინტერნეტის საერთაშორისო მოცულობების გასატარებლად, ორი უმნიშვნელოვანესი ციფრული კორიდორის არსებობას გახდის შესაძლებელს: პირველი – ევროპიდან საქართველოს გავლით, სომხეთისა და შემდგომ ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით, და მეორე – ევროპიდან საქართველოს გავლით, აზერბაიჯანისა და შემდგომ სამხრეთ აზიის მიმართულებით. არსებული ციფრული ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო ჩართვის წერტილები საქართველოს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ეტაპობრივად მოახდინოს საკუთარი პოტენციალის განვითარება და ჩამოყალიბდეს როგორც ციფრული ჰაბი. აღნიშნული კორიდორის გასამართად მნიშვნელოვანია ტრანსკასპიური დამაკავშირებელი გზის არსებობა, რომელიც აზერბაიჯანიდან კასპიის ზღვის გავლით იარსებებს და რომლის განხორციელება ახლო პერსპექტივაში მოიაზრება“, – განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ისაუბრა, რა სარგებელს მოუტანს საქართველოს ციფრული ჰაბის ფუნქცია. ვახტანგ აბაშიძის განცხადებით, ქვეყანას ციფრული  ჰაბის სტატუსი პირველ ეტაპზე ნახევარ მილიარდ დოლარამდე შემოსავალს მოუტანს ყოველწლიურად, რაც შემდგომ წლებში რამდენჯერმე გაიზრდება.

„რეგიონში ინტერნეტ ტრანზიტის ბაზრის 75 პროცენტს გლობალური ტექნოლოგიური გიგანტები – ამაზონი, ფეისბუქი, გუგლი და მაიკროსოფტი დაიკავებენ. საქართველო შავი ზღვის წყალქვეშა ინფრასტრუქტურის მიზნობრივი გამოყენებით, მომავლის ციფრულ ეკონომიკას ტექნოლოგიურ ჰაბად შეუერთდება, რაც დამეთანხმებით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და განვითარებისთვის ძალიან დიდი შესაძლებლობაა. საქართველოში არსებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის ქმნის შესაძლებლობას, ჩამოყალიბდეს გლობალურ მონაცემთა სატრანზიტო კვანძად ახალი მარშრუტებისთვის, რომელიც ევროპას აზიასთან და შუა აღმოსავლეთთან დააკავშირებს. ამ პროექტში საქართველოს მიზანია, იყოს სრულუფლებიანი და პასუხისმგებლიანი მოთამაშე და არა პროცესის უუფლებო დამკვირვებელი“,- განაცხადა აბაშიძემ.

ვახტანგ აბაშიძემ საზოგადოებას ასევე, გრაფიკული ვიდეორგოლი წარუდგინა, რომელშიც დეტალურად არის გადმოცემული შავი ზღვის წყალქვეშა ინფრასტრუქტურის მიზნობრივი გამოყენების შემთხვევაში საქართველოს პოტენციალი და რეგიონისთვის ეკონომიკური სარგებელი.

ციფრული პოტენციალისა და პერსპექტივების გარდა, ვახტანგ აბაშიძემ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მიმდინარე პროცესებზე, დივერსიფიცირებულ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებასა და საკანონმდებლო რეგულირებაზე გაამახვილა ყურადღება და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ.

„2020 წლის 17 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, კომუნიკაციების კომისიას გაუჩნდა ქმედითი ინსტრუმენტი და დამატებითი უფლებამოსილება კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ კომპანიებზე, იმ შემთხვევაში, თუ ისინი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ან კომისიის მიერ განსაზღვრულ გარკვეულ  სპეციალურ ვალდებულებებს ჯიუტად არ შეასრულებენ. ჩვენ დღეს ჩვენი პარტნიორი  ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გვესწრებიან და დამეთანხმებიან, რომ ვერც ერთ ქვეყანაში, რომელსაც წარმოადგენენ, ვერ ნახავთ პრეცედენტს, სადაც სახელმწიფოს თანხმობა არ იქნება საჭირო სტრატეგიული ობიექტის გასხვისებაზე. თუ ეს ხდება სახელწმიფოს ნებართვის გარეშე და სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა უწყებას ეხება ეს საკითხი, ევროპულ ქვეყნებში კანონი ბევრად მკაცრია. შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები სწორედ სახელმწიფო ინტერესების დაცვას ემსახურება სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად“, –  განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.