ვახტანგ აბაშიძე - პოლიტიკური რეკლამები, რომელზეც ტელეკომპანიებმა მოგვმართეს, კანონშეუსაბამოა
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე აცხადებს, რომ კომუნიკაციების კომისია მაუწყებლებისთვის მიწერილ წერილში კანონის მიხედვით მოქმედებდა, თუმცა წერილი იყო მაუწყებლების შეკითხვაზე პასუხი და მას სამართლებრივი ძალა არ აქვს. ასევე, აბაშიძე განმარტავს, რომ პოლიტიკოსებს პოლიტიკური ინტერესები აქვთ და კომისია პოლიტიკურ კონტექსტში ვერ შევა. აბაშიძის განცხადებით, კომისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეკლამები კანონშეუსაბამოა და ამაზე კომისიაში სამშაბათის სხდომაზე იმსჯელებენ.
„ჩვენი მოსაზრებით, ამ რეკლამებში არის არასათანადო რეკლამის, ასევე არის არაეთიკური რეკლამის და უხამსობის კომპონენტები. ამ საკითხთან დაკავშირებით, საგნობრივი განხილვები არ გვქონია შეხვედრაზე, რადგანაც გასაგებია, რომ პოლიტიკოსებს მათი პოლიტიკური კონტექსტი უფრო აინტერესებთ, ჩვენ არ გვაქვს უფლება პოლიტიკურ კონტექსტში შევიდეთ, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია სამართლებრივ საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, მათ თავად მოითხოვეს, რაც შეიძლება მალე შედგეს კომისიის სხდომა, რომელზეც მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით, შევთანხმდით კომისიის წევრები, რომ ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და სამშაბათს ჩაინიშნება აღნიშნული საკითხის განხილვა. აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ კომისიის წერილი არ წარმოადგენს სამართლებრივ აქტს, შესაბამისად, არ აქვს მას ვალდებულებითი დატვირთვა, მაუწყებლებს ეს რგოლები შეეძლოთ ამოეღოთ, ან არ ამოეღოთ, მაგრამ ამისთვის ისინი რაიმე სახის სანქციას არ მიიღებდნენ. კომისიის მხოლოდ გადაწყვეტილება არის სამართლებრივი აქტი, შესაბამისად, ვიმსჯელებთ სხდომაზე და იქ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისად იქნება სავალდებულო მაუწყებლებისთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, მათი უფლებაა, ამოიღებენ თუ არა რგოლებს, მაგრამ ამას მოყვება შემდგომი პროცედურები და კომისიის გადაწყევტილება.
ვახტანგ აბაშიძის განმარტებით, კომუნიკაციების კომისიის პირდაპირი მოვალეობაა წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი და კანონდარღვევაზე რეაგირება, აქედან გამომდინარე, კომისია კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოქმედებს.
„რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არანაირი შეზღუდვა არ ხდება ვინმეს გამოხატვის თავისუფლების. ნებისმიერი მოსაზრების, ნებისმიერი განცხადების გაკეთების უფლება აქვთ მათ. რეგულაციები მოქმედებს მხოლოდ რეკლამაზე და მათ შორის, არსებობს პოლიტიკური რეკლამის მარეგულირებელი ნორმები, რომლის დარღვევაც არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება, სწორედ ამაზე ვსაუბრობდით და წერილშიც შეფასებულია ეს საკითხები. ერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს არასათანადო, მეორე შემთხვევაში არაეთიკური და მესამე შემთხევაში უხამსობის შემცველ პოლიტიკურ რეკლამასთან“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ აბაშიძემ.
კომისიამ ტელეკომპანიებისგან რამდენიმე პოლიტიკური რეკლამის ეთერიდან ამოღება არაეთიკურობის გამო მოითხოვა. შესაბამისი წერილით კომისიამ ტელეკომპანიებს მიმართა. აღნიშნულ რეკლამებთან დაკავშირებით მარეგულირებელ კომისიას საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „ტვ პირველმა“ და „ტელეიმედმა“ მიმართეს.