ვახტან კალოიანი - თებერვლის შუა რიცხვებამდე მოსალოდნელია ინფიცირების მაღალი მაჩვენებლები და წინა დღეებში ინფიცირებულთა მომართვის ზრდა ჰოსპიტალური სექტორისკენ
თებერვლის შუა რიცხვებამდე მოსალოდნელია ინფიცირების მაღალი მაჩვენებლები და მოსალოდნელია წინა დღეებში ინფიცირებული ადამიანების მომართვის ზრდა ჰოსპიტალური სექტორისკენ, – ამის შესახებ რეანიმატოლოგმა, ვახტან კალოიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს იქნება ორი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც მინიმალური დანაკარგებით უნდა გავუმკლავდეთ“, – განაცხადა კალოიანმა.
მისი თქმით, ასეთი მასიური გავრცელების ფაზაში ვაქცინაცია კიდევ უფრო დიდ როლს იძენს, რათა მოხდეს მოქალაქეების დაცვა დაავადების მძიმე და კრიტიკული მიმდინარეობისგან.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მართებული იყო ვირუსის უკონტროლო გავრცელების ფონზე გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, იგივე „მწვანე პასპორტების“ გაუქმება და რაში ხედავს გამოსავალს შექმნილ ვითარებაში, ვახტანგ კალოიანმა განაცხადა, რომ შეზღუდვას, როგორიცაა გარკვეული დაწესებულებების დაკეტვა, აკრძალვა და ა.შ., ომიკრონის შემთხვევაში დიდი ეფექტი არ აქვს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ნიღბის ტარება და დიდი შეკრებების თავიდან აცილება. მისივე თქმით, „მწვანე პასპორტი“ თავიდანვე საკმაოდ სუსტი დოკუმენტი იყო, რომელიც თავიდანვე ვერ ასრულებდა თავის მთავარ ფუნქციას, ვაქცინაციის წახალისებას.
„შეზღუდვის მხრივ, სხვა ქმედითი ღონისძიებები ეფექტური არ იქნება. რაც შეეხება „მწვანე პასპორტს“, „მწვანე პასპორტი“ თავიდანვე საკმაოდ სუსტი დოკუმენტი იყო და ის თავიდანვე ვერ ასრულებდა თავის მთავარ ფუნქციას, რომ ვაქცინაცია წაეხალისებინა. ამიტომ, არ მგონია, რომ მის მოხსნას რამე მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგი აქვს. ის მინიმალური რეგულაციების აღსრულებაც კი, რაც გვაქვს, არის კატასტროფულად ცუდი. შეიძლება ითქვას, აღსრულება არ არის, მათ შორის, ნიღაბთან დაკავშირებით. მესმის, რომ აქ სამოქალაქო პასუხისმგებლობის კომპონენტიც მაღალია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია სწორი ორგანიზება და სწორი მხარდაჭერა, ნიღბებზე ხელმისაწვდომობის და ხშირი შეხსენების თვალსაზრისით. ამისთვის სახელმწიფომ, შესაბამისმა ორგანოებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ რესურსი იმ ადგილებში, სადაც გავრცელების პოტენციალი მაღალია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ხშირად შევახსენოთ ნიღბის ტარების აუცილებლობა, რა თქმა უნდა, თხოვნით. აუცილებელი არ არის, ამას მაინცდამაინც პოლიციური ღონისძიებები მოჰყვეს. თავიდანვე საჭირო იყო საინფორმაციო და საგანმანათლებლო ინტერვენციები, რადგან ამას მხოლოდ მედია ინტერვენცია არ ეყოფოდა“, – განაცხადა კალოიანმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად რეალისტურია იმუნიზაციის საბჭოს მიერ დამტკიცებული ახალი ეროვნული გეგმის შესრულება და როგორ უნდა იქნას მიღწეული მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია, კალოიანმა განაცხადა, რომ ის სკეპტიკურად იყო განწყობილი ვაქცინაციის პირველი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, ამ სკეპტიციზმს საფუძველი ისევ აქვს.
„თუ ჩვენ რადიკალურად არ შევცვალეთ დამოკიდებულება ვაქცინაციის მიმართ, სამწუხაროდ, არ მგონია, ამ მიზანს ზაფხულამდე მივაღწიოთ. დიდი იმედი მაქვს, ვცდები და ჩვენ შევძლებთ ამის გარდატეხას, თუმცა ამის ობიექტური წინაპირობები არ გვაქვს“, – განაცხადა კალოიანმა.
ექიმმა რეანიმატოლოგმა ასევე განაცხადა, რომ ვირუსის მასიური გავრცელების ფაზაში მასიური ტესტირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
შეკითხვაზე, როდის დასრულდება პანდემია, ან როდის შეიძლება, „კოვიდ 19“ სეზონურ ვირუსად გადაიქცეს, ვახტანგ კალოიანმა განაცხადა, რომ „კოვიდ 19“-ის ბანალურ ვირუსულ ინფექციად ქცევა ვაქცინაციის მოცვაზეა დამოკიდებული.
„ძალიან უხეში და ცოტა უმადური საქმეა პროგნოზები, მაგრამ ძალიან ფრთხილი ოპტიმიზმით ვვარაუდობ, რომ ჩვენ ზაფხულის ბოლოსთვის, ან შემოდგომისთვის შევძლებთ, ამ თვალსაზრისით შედარებით მშვიდად ვიყოთ“, – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.