ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის გამოკითხვა მიმდინარეობს
ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ამასთან, ლერი სულაბერიძის ავტომობილთან მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
ლერი სულაბერიძის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, ვინ ესროლა ავტომობილს.
„დამირეკეს საგამოძიებო პროცედურებთან დაკავშირებით. მანქანას ექსპერტიზა უტარდება, ამ საქმეზე ვიყავი დღეს მოსული, ვინ ისროლა, არ ვიცი“, – განაცხადა ლერი სულაბერიძემ.
ლერი სულაბერიძის ადვოკატის, შოთა მანელიძის თქმით, მათი სურვილია, საქმეზე ობიექტური რეალობა დადგინდეს.
„როგორც ჩვენთვის ცნობილია, გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით. ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციული ვართ გამოძიებასთან მიმართებაში. ვმონაწილეობთ ყველა შესაბამის საგამოძიებო მოქმედებაში. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად ჩვენ მზაობას ვაცხადებთ, დადგინდეს ობიექტური რეალობა“, – განაცხადა ადვოკატმა შოთა მანელიძემ.
წყნეთში წუხელ სროლა იყო. დაზიანებულია ლერი სულაბერიძის ავტომობილი.
შსს-ის ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.