ვაჟა სირაძის ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ოთხი ადამიანია დაკავებული
საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ოთხი ადამიანია დაკავებული, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ადგილზე მიმდინარე აქცია გადაიზარდა პარლამენტის უკანა შესასვლელის ბლოკირებაში.
„ამ დროისათვის დაკავებულია ოთხი პიროვნება წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე. ადგილზე მიმიდინარეობდა აქცია, რომელიც გადაიზარდა პარლამენტის უკანა შესასვლელის ბლოკირებაში. არაერთხელ მოუწოდა პოლიციამ გზის გახსნისკენ, წესრიგისკენ. ვინც არ დაგვემორჩილა, სამართალდამცველებმა შესაბამისად იმოქმედეს. მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს“, – განაცხადა სირაძემ.