ვაჟა სირაძე - მდგომარეობა მშვიდია, ეკლესიებში მრევლის დიდი რაოდენობა არ შეინიშნება
საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა ტაძარში, ეკლესიაში მობილიზებული არიან შსს-ს წარმომადგენლები, რომლებიც უზრუნველყოფენ და მოუწოდებენ მოქალაქეებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა.
მისი თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით საპატრულო პოლიციის ყველა თანამშრომელს, ყველა პოლიციელს აქვს დავალება, საგანგებო რეჟიმის თაობაზე მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა უზრუნველყონ.
„რაც შეეხება დარღვევებს დღეს, 21:00 საათიდან დაიწყო კომენდანტის საათი. ამ ეტაპისთვის დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა. მდგომარეობა მშვიდია, ეკლესიებში მრევლის დიდი რაოდენობა არ შეინიშნება და მინდა, მადლობა გადავუხადო მრევლს, რომელიც ამ სიტუაციას გაგებით ეკიდება“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.