ვაჟა სირაძე - სახელმწიფო დაწესებულების შენობის ბლოკირება კანონით აკრძალულია
საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო შენობის ბლოკირება დაუშვებელია.
„სახელმწიფო დაწესებულების შენობის ბლოკირება კანონით აკრძალულია“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი ტერიტორიიდან გაიყვანეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათთვის გაუგებარია, რატომ ხდება აქტივისტების დაკავება.
როგორც ადგილზე მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, აქციაზე დაიწყეს ყველაზე აქტიური ადამიანების დაკავება, ეს იყო წინასწარი ბრძანება.
„თითოეულ დაკავებულზე ათი კაცი გამოვა გარეთ. ხვალ რამდენი ვიქნებით, ამასაც გაჩვენებთ. ყველას მართლა ვერ დაგვიჭერთ. პოლიციელებს მინდა მოვუწოდო, ნუ ასრულებთ ამ უკანონო ბრძანებას, ხვალ ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა. ეს იყო წინასწარი ბრძანება. 11:00 საათი გახდა თუ არა, დაიყვირეს და გამოცვივდნენ. უპირველესად, დაიწყეს ყველაზე აქტიური ადამიანების დაჭერა და შემდეგ უკვე აღარ არჩევდნენ. ჩემი დაკავებაც სცადეს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.