ვაჟა სირაძე - პოლიციელები იქნებიან ყველგან, სადაც შესაძლოა, დაირღვეს ადამიანის უფლებები და გამოხატვის თავისუფლება
თითოეული პოლიციელი მობილიზდება იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც იქნება საშიშროება, რომ დაირღვევა ადამიანის უფლებები და გამოხატვის თავისუფლება,- ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებულ საკითხზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კინოჩვენება თბილისში არსებულ ხუთ კინოთეატრში იგეგმება.
„გარდა ამისა, პოლიციელები იქნებიან ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც შესაძლოა, დაირღვეს ადამიანის უფლებები და გამოხატვის თავისუფლება.
შსს მუშაობს კანონის შესაბამისად და თითოეულ დარღვევაზე ვიმოქმედებთ ადეკვატურად“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით შსს-მ დღეს განცხადებაც გაავრცელა.
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight, 25 ფილმს შორის მოხვდა. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ არის, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება. ფილმის ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინია.