ვაჟა სირაძე - მელიქიშვილის გამზირზე ვრჩებით პოლიციის დანაყოფები, ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს და კვლავ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, მოექცნენ კანონის ჩარჩოებში
ვაჟა სირაძე - მელიქიშვილის გამზირზე ვრჩებით პოლიციის დანაყოფები, ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს და კვლავ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, მოექცნენ კანონის ჩარჩოებში

მელიქიშვილის გამზირზე ვრჩებით პოლიციის დანაყოფები, ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს და კვლავ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, მოექცნენ კანონის ჩარჩოებში, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეებს არაერთხელ განემარტათ, რომ პროტესტი კანონის ფარგლებში უნდა გამოხატონ.

„აქციის მიმდინარეობისას გარკვეულმა პირებმა გამოხატეს აგრესია, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც ადმინისტრაციული წესით იქნენ დაკავებული, რასთან დაკავშირებითაც განცხადება გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. რაც შეეხება დრონს და სხვადასხვა სახის ქმედებებს, აღნიშნული დაფიქსირებულია ჩვენ მიერ, რასაც რიგ შემთხვევებში მოჰყვა რეაგირება და გარკვეული პირები ადმინისტრაციულად დაკავდნენ. რიგ შემთხვევებში საზოგადოებამ და, მათ შორის, ჟურნალისტებმაც დაინახეს, რა სახის ქმედებებს ჩადიოდნენ, მათ შორის ერთ-ერთი იყო, რომ დრონის საშუალებით ჩამოაგდეს საღებავები და გარკვეული სახის ბოთლი. პოლიციის მხრიდან ხდება განმარტება, რომ მოექცნენ კანონის ჩარჩოებში, მათ შორის მედიასთან მიმართებაში. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ მათ, რომ თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში კანონის სრული დაცვით. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად იციან მათმა ლიდერებმა აღნიშნული, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთ ქმედებებზე მიდიან, რაც იწვევს როგორც საზოგადოების გაღიზიანებას, ასევე სამართალდამცველების. მათ ჩამოვართვით ის კონსტრუქციები და სხვადასხვა სახის ნივთები, რომლებიც უკანონოდ ჰქონდათ განთავსებული სავალ ნაწილზე, თუმცა კვლავ აგრძელებენ სავალი ნაწილის შეზღუდვას. ადგილზე ვრჩებით პოლიციის დანაყოფები, ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს და კვლავ მოვუწოდებთ მათ, მოექცნენ კანონის ჩარჩოებში“, – განაცხადა სირაძემ.

ამ დროისთვის, საპროტესტო აქცია მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარეობს. მანამდე აქციის მონაწილეები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოუწოდა, გაეთავისუფლებინათ ტერიტორია ხელოვნური კონსტრუქციებისგან, შეეწყვიტათ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მანიფესტაცია და პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფარგლებში. შსს-ს წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს 15 წუთი მისცეს გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად, რის შემდეგაც სამართალდამცველები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიისკენ დაიძრნენ.

ტერიტორია, რომელიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული, სამართალდამცველებმა ხელოვნური კონსტრუქციებისგან გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი – მელიქიშვილის გამზირის, მეორე ნაწილი კი ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს. ამასთან, სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს.