ვაჟა სირაძე - აქციის მონაწილეების მხრიდან გუშინ არაერთი ფაქტი იყო, როდესაც გაუშვეს გარკვეული სახის გაზი, ჩემს თანამშრომელს მიასხეს წიწაკის სპრეი, გამოვიყენეთ უფლებამოსილება და დავაკავეთ რამდენიმე პირი
გუშინ არაერთი ფაქტი იყო აქციის მონაწილეების მხრიდან, როდესაც გაუშვეს გარკვეული სახის გაზი, ასევე ჩემს თანამშრომელს მიასხეს წიწაკის სპრეი, გამოვიყენეთ ჩვენი უფლებამოსილება და დაკავებულია რამდენიმე პირი, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ სასტუმრო „პარაგრაფთან“ ჟურნალისტებს განუცხადა.
ვაჟა სირაძის თქმით, არსებობს კონკრეტული ფაქტები.
„მთელი ქალაქის მასშტაბით ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას, გმირთა მოედანზე როდესაც ადამიანები ხელოვნურად კეტავენ გზებს, ცოტა რთულია როგორც პოლიციისთვის, ასევე სხვა სამსახურებისთვის, იმოქმედონ სწრაფად და მოახდინონ მყისიერი რეაგირება. პოლიცია, სასწრაფო, სახანძრო-სამაშველო სამსახურები მიდიოდნენ შესაძლებლობების ფარგლებში იმ დროში, რა დროშიც ჰქონდათ ამის საშუალება“, – აღნიშნა ვაჟა სირაძემ.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, „პოლიციელებს რატომ ეკეთათ ნიღბები“, ვაჟა სირაძემ განაცხადა:
„ხშირ შემთხვევაში, მეც მიწევს ნიღბის გაკეთება. გუშინ არაერთი ფაქტი იყო აქციის მონაწილეების მხრიდან, როდესაც გაუშვეს გარკვეული სახის გაზი. კონკრეტული ფაქტები მაქვს. ასევე, უშუალოდ ჩემს თანამშრომელს მიასხეს წიწაკის სპრეი. გამოვიყენეთ ჩვენი უფლებამოსილება და დაკავებულია რამდენიმე პირი. ყველაფერი საჯაროვდება. აკრძალული არ არის ნიღბის გაკეთება“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.