ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ პოლიციელების შეურაცხყოფისთვის სასტუმრო „პარაგრაფთან“ ერთი პირი დააკავეს
სასტუმრო „პარაგრაფთან“, სადაც აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. როგორც საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ მედიის წარმომადგენლებს განუმარტა, აქციის მონაწილემ პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„პოლიციელებს შეაგინეს და ამიტომ დავაკავეთ. ერთი პირი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტზე. მტკიცებულებას წარვადგენთ სასამართლოში“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფთან“ აქცია მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით იმართება. პარალელურად, სასტუმროში მიმდინარეობს ღონისძიება, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში ტარდება. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სურთ, ღონისძიების მონაწილეებს გააგონონ თავიანთი ხმა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გააპროტესტონ.