თამილა ლაფანაშვილის განცხადებით, იმედი აქვს, 20 დეკემბერს ჩანიშნულ ე.წ. სასამართლო სხდომაზე მის მეუღლეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს გაათავისუფლებენ.
„ამჯერად, ყველა ველოდებით პარასკევს, რადგან სასამართლო სხდომაა ჩანიშნული. დიდი იმედი გვაქვს, რომ სასიკეთოდ გადაწყდება ეს ყველაფერი და საბოლოოდ ვაჟა გათავისუფლდება“ ,- განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თამილა ლაფანაშვილმა.
ამასთან, ლაფანაშვილის თქმით, პირადად პრემიერ გიორგი გახარიას არ შეხვედრია, თუმცა მისი აპარატიდან შეეხმიანენ.
ლაფანაშვილის ინფორმაციით, ჩამოყალიბდა საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შედიან ზურაბ აბაშიძე, ქეთევან ციხელაშვილი, ლაშა დარსალია და ირაკლი ჩიქოვანი. ლაფანაშვილი ამბობს, რომ მიეწოდა ინფორმაცია, თუ რას აკეთებს სახელმწიფო და სხვადასხვა ორგანო ვაჟა გაფრინდაშვილის საქმესთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება პრემიერ-მინისტრთან ჩემს კომუნიკაციას, შემეხმიანენ პრემიერის კაბინეტიდან. პირადად მას არ შევხვედრივარ, მაგრამ ჩამოყალიბდა საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შედიან ზურაბ აბაშიძე, ქეთევან ციხელაშვილი, ლაშა დარსალია და ირაკლი ჩიქოვანი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, გამიზიარეს, რას აკეთებს სახელმწიფო, სხვადასხვა სამინისტროები და ორგანოები. მეც გავუზიარე ის, თუ რას ვაპირებთ ოჯახი. ძალიან სასიამოვნოა, რომ უბრალოდ ჭკუის დამრიგებელი მაინც გვეყოლება. იმდენად არაორდინალურ სიტუაციაში აღმოვჩნდით ყველანი, რომ ძალიან მძიმეა ეს ოჯახისთვის, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ჩვენთვის ძალიან დიდი წნეხია. გარდა იმისა, რომ წნეხია, როგორც საზოგადოებრივი აზრის ყველანაირი გათვალისწინებით, ასევე იმით, რომ ჩვენ ტყვე გვყავს გამოსახსნელი საპყრობილედან, ამისთვის ვმუშაობთ“, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა და აღნიშნა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები უმოქმედობაში არასდროს დაუდანაშაულებია.
„არასდროს მითქვამს, რომ სახელმწიფო ორგანოები არაფერს აკეთებენ. მსგავსი სიტყვები არასდროს წარმომითქვამს. პირიქით, პირველივე დღიდანვე არიან ჩართულები, აქტიურად მუშაობენ, მაგრამ ჩვენ ყველას გვინდა შედეგი. შედეგი ეს არის ვაჟას გათავისუფლება. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ სხვადასხვა ბერკეტები უნდა ჩაირთოს, რაც აქამდე არ ყოფილა და ყველა მხარში მიდგას. ვფიქრობ, როგორც სახელმწიფო ორგანოების, ისე საზოგადიების ძალისხმევა გაამართლებს“ ,- განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.
რაც შეეხება საკოორდინაციო საბჭოს მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ლაფანაშვილის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის ირგვლივ მობილიზებული არიან.
„პირველივე დღიდან აკეთებენ იმას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებია ჩართული არიან ამ პროცესში, ჩემგან არავის ესწავლება, რომ პირდაპირი კომუნიკაცია არც რუსეთთან და არც ცხინვალის რეგიონთან არ არის, აბსოლუტურად დახურულია ეს არხები, ამიტომ ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო ორგანიზაციების გაძლიერება, რომ მათ მოახდინონ ზეწოლა. ისინი პირველივე დღიდან არიან ჩართულები. ამჯერად საუბარია ადამიანზე, რომლის მიერ ციხეში გატარებული ყოველი წუთი და წამი მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას აზიანებს. უამრავი სამწუხარო მაგალითები გვაქვს. ამიტომ, გვინდა, რომ სწრაფად დამთავრდეს. წარმოიდგინეთ, არის ტყვეობაში ადამიანი, რომელთანაც არანაირი კომუნიკაცია არ გვაქვს, არც პირადი. ერთადერთი არხი, რომელმაც შეიძლება, მოინახულოს, არის „წითელი ჯვარი“, რომლის უფლებამოსილებაც საკმაოდ შეზღუდულია იმ რეგიონში. საერთაშორისო „წითელმა ჯვარმა“ სულ ორჯერ მოინახულა. ისინიც არ აკლებენ მცდელობას, მაგრამ ეტყობა, რაღაც პრობლემებია ან მათ მუშაობაში ან ადგილზე, არ ვიცი, ამას ვერ განვსჯი. 28 ნოემბრის შემდეგ ვეღარ მოხერხდა კომუნიკაცია. მხოლოდ ერთხელ გავუგზავნე გზავნილი აქედან“ ,- განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.
ამასთან, თამილა ლაფანაშვილმა ისაუბრა საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ გამოთქმულ პოზიციასთან დაკავშირებითაც.
„პირველივე დღიდანვე დაიწყო იქაურმა კაგებემ და არამარტო მან აბსურდული დეზინფორმაციების გამოქვეყნება, რომელზეც ჩვენმა სახელმწიფო ორგანოებმა, იგივე სუს-მა განაცხადეს, რომ ეს არის სრული დეზინფორმაცია, ამას არანაირი კავშირი არ აქვს ვაჟას დაკავებასთან. არც მინდა კომენტარების გაკეთება, უბრალოდ ერთს ვიტყვი, ის, ვინც იმ დეზინფორმაციას აქ აკოპირებს, მითუმეტეს, ვინც სახელმწიფოს მოხელეა, რა გამოდის, რომ უპირისპირდებიან სახელმწიფოს ნათქვამს, ცოტა დაფიქრდნენ ამაზე. მითუმეტეს, სახელმწიფოს მოხელეებს აქვთ თმენის ვალდებულება და უბრალოდ ზნეობა. ის, რომ უშვერად გვაგინებს, ჩვენ ამით არაფერი დაგვაკლდება. ეს მისი პრობლემაა, როგორც მორალური თვალსაზრისით, ასევე კაცობით.
არავის დავუპირისპირდები, შემიძლია, ვაპატიო კიდეც“ ,- განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე მიმართავს მსოფლიოში მედიკოსთა პროფესიულ გაერთიანებებს, საკუთარი ქვეყნების მთავრობებს მოუწოდონ, რუსეთს ექიმის გათავისუფლებასთან დაკავშირებით შეტყობინება გაუგზავნონ.
ამასთან, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაზე და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.
მისივე თქმით, გაფრინდაშვილის მიმართ შერჩევითი მიდგომებით ხორციელდება სამართალწარმოება, რადგან ის ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს.
ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან თვეზე მეტი გავიდა. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს, მას ე.წ. საზღვრის კვეთას ედავებიან. თუმცა, გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებს. ქართველ ექიმს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მომდევნო ე.წ. სასამართლო პროცესი, პარასკევს, 20 დეკემბერს გაიმართება.