საქართველოში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისთან, მათ შორის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს და საპარლამენტო ასამბლეას, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიმართავენ და მოუწოდებენ, მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ყველა პოლიტიკური ბერკეტი გამოიყენონ.
ორგანიზაციების ერთობლივ მიმართვაში აღნიშნულია, რომ კონფლიქტის პოლიტიკური და სამართლებრივი რეგულირების რესურსის არარსებობა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მძიმედ აისახება უშუალოდ კონფლიქტის და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უფლებების მდგომარეობაზე.
„სიტუაციის სიმძიმეს ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობა და სისუსტე ოკუპირებულ რეგიონებში. მიმართვაში განსაკუთრებული აქცენტია გამახვილებული გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე და იმ მძიმე შედეგებზე, რაც „ბორდერიზაციის“ პროცესმა მოიტანა უფლებრივი, ჰუმანიტარული და სოციალური თვალსაზრისით. საზღვარზე ადამიანების უკანონო და თვითნებური დაკავებების მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება, რომ არაფერი ვთქვათ ადამიანის უფლებების დარღვევის იმ მძიმე შემთხვევებზე, რომელიც 2014, 2016, 2018 და 2019 წლებში ვიხილეთ ახალგორში დავით ბაშარულის გარდაცვალების, გალში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის, ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის წამების და მკვლელობის, ასევე, გალში დაკავებისას ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეებში. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა მძიმედ აისახება სხვა ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობაზეც, მათ შორის ხარისხიანი და სწრაფი ჯანდაცვის, განათლების, ოჯახის და პირადი ცხოვრების უფლებებზე. აღსანიშნავია, რომ ბორდერიზაციის მძიმე შედეგები ეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს, მათ შორის – ეთნიკურ ოსებს.
გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მწვავე სოციალური და უფლებრივი შედეგები 2019 წლის 4 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანასკნელი გამშვები პუნქტის – მოსაბრუნის („რაზდრახანის“) ჩაკეტვის შემდეგ კიდევ უფრო გამოვლინდა. 2019 წლის 28 ოქტომბერს ცხინვალში სათანადო სამედიცინო სერვისების არარსებობის გამო, 70 წლის მარგო მარტიაშვილის და 49 წლის ბესიკ ობესოვის გარდაცვალების ფაქტი გახდა სიგნალი მძიმე ჰუმანიტარული კრიზისისა ახალგორში. რეგიონში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას უკავშირდება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საქმეც, რომელიც 2019 წლის 9 ნოემბერს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ უკანონოდ დააკავა. ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ორ კვირაზე მეტია იმყოფება ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ციხეში და ამ დროისათვის გამოყენებული დიპლომატიური და პოლიტიკური გზები, როგორც ჩანს, უშედეგოა მის გასათავისუფლებლად. საქმეს ართულებს ის გარემოებაც, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის მხრიდან ვაჟა გაფრინდაშვილის პერსონას მუდმივად ეძლევა პოლიტიკური კონოტაცია, რაც დაკავებული ექიმის უსაფრთხოების რისკს ზრდის.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების არაერთი მიმართვის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა არ ცდილობს გამოიყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დროებითი ღონისძიების მექანიზმი, რომელიც ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ფაქტებზე მყისიერი და ეფექტიანი რეაგირების საშუალებაა. მთავრობას არ გაუკეთებია განმარტება, თუ რა არის მისი ამგვარი გადაწყვეტილების დასაბუთება“, – ნათქვამია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მიმართავენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ადამიანის უფლებათა კომისარს, ასევე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს: „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ან მინისტრთა კომიტეტისთვის განსახილველად წარადგინონ ანგარიში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შექმნილი მძიმე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; წარუდგინონ რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებას, ასევე რუსეთის ფედერაციას, როგორც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის მქონე ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანას და მოუწოდონ გადაადგილების თავისუფლების დაუყოვნებილივი აღდგენისკენ; გამოიყენონ ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური მექანიზმი ვაჟა გაფრინდაშვილის დროულად გასათავისუფლებლად; ჰუმანიტარული მიზნებით, ხელი შეუწყონ პაციენტების დროულად გადმოყვანას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ საავადმყოფოებში, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დახმარებით; განიხილონ ადამიანის უფლებების მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმების შექმნის გზები; გამოაგზავნონ მონიტორინგის მისია საქართველოში სიტუაციის უკეთ შესასწავლად; უზრუნველყონ რეგულარული ვიზიტები ცხინვალის ციხეში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების პირობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით“.
ხელმომწერი ორგანიზაციები ასევე მიმართავენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს წარმომადგენლებს, „გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური მექანიზმი, ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე შექმნილი კრიზისის დაძლევისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის საჭირო ქმედითი საერთაშორისო ღონისძიებების გატარების მიზნით“.
მიმართვას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC]; საერთაშორისო თანამშრომლობა ადამიანის უფლებებისთვის [IPHR]; Freedom Now; საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი [OSGF]; ადამიანის უფლებათა ცენტრი; კავშირი „საფარი“; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა [GDI]; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია]; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი [TDI].