ვაჟა-ფშაველას გამზირზე 2017 წელს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და უბნის ინსპექტორების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„პოლიციამ 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.კ. თბილისში, ერისთავის ქუჩაზე დააკავა. იგი 2017 წლის 24 ივნისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, საფეხბურთო მოედანზე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის იძებნებოდა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.
ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებებით, დაკავებულია 1997 წელს დაბადებული გ.ბ.
გამოძიების ინფორმაციით, ვ.კ.-მ 2017 წლის 24 ივნისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საფეხბურთო მოედანზე, ანგარიშსწორების მიზნით, 1990 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ვ.კ.-ს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა.
სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ერისთავის ქუჩაზე, თავისი ახლობლის – გ.ბ.-ს მიერ ნაქირავებ ბინაში დააკავეს.
გამოძიება ვ.კ.-ს მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, ვ.კ.-ს ახლობლის – გ.ბ.-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის ორი ცეცხლსასროლი იარაღი და სამი მჭიდი ამოიღო.
სამართალდამცველებმა 1997 წელს დაბადებული გ.ბ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მესამე ნაწილით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.