ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ექვსი დღე რჩება და ქვეყანაში ახალი სკანდალი აგორდა. დაკავებულია რუსეთის 30-ზე მეტი მოქალაქე. როგორც იუწყებიან, საუბარია რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებზე. მათ მასობრივი არეულობის მომზადებაში ედებათ ბრალი. ასევე, დაკავებულია რუსი პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი, რომელსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ამ ფონზე ბელარუსში ოპოზიციის მრავალრიცხოვანი გამოსვლები არ წყდება. ერთ-ერთ კანდიდატის, სვეტლანა ციხანოვსკასიას მხარდამჭერ მიტინგზე ათი ათასობით ადამიანი მივიდა.
ბელარუსში არსებულ ვითარებაზე ვესაუბრეთ ბელარუსის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსს, ვადიმ მოჟეიკოს.
– ვადიმ, პირველ რიგში გკითხავთ, რუსეთის მოქალაქეების დაკავების შესახებ. როგორ ფიქრობთ, რასთან გვაქვს საქმე?
უპირველეს ყოვლისა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს დაკავება ხელისუფლებისთვის სასარგებლო იყო. ეს სრულად შეესაბამება ხელისუფლების პროპაგანდისტულ ნარატივს, რომელსაც არჩევნების წინ იყენებს. ხელისუფლება ცდილობდა, საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლად წარმოეჩინა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ბელარუსის დამოუკიდებლობას ემუქრებიან როგორც დასავლეთიდან, ისე აღმოსავლეთიდან. ამ საარჩევნო კამპანიას გამოარჩევდა ის, რომ ყველაზე მეტს სწორედ რუსეთის გავლენის შესახებ საუბრობდნენ და ახლა „ვაგნერის“ მებრძოლების დაკავება ერთგვარი ბერკეტია ხელისუფლების ხელში. მათ უკვე აქვთ რუსეთის გავლენის დამამტკიცებელი საბუთი და შეუძლიათ, უფრო თამამად წარმოაჩინონ თავი ბელარუსის დამოუკიდებლობის დამცველებად. ასეთი რამ პირველად არ ხდება. 2017 წელს ბელარუსის ტელევიზიით ასევე ყვებოდნენ, რომ იარაღით სავსე „ჯიპი“ უკრაინიდან ბელარუსის საზღვრის გარღვევას შეეცადა. მერე აღმოჩნდა, რომ არც „ჯიპი“ და არც იარაღი არ არსებობდა. მეორე მხრივ, არსებობს პრობლემა, რომელიც უკავშირდება იგავ-არაკს ბიჭზე, რომელიც მუდამ გაიძახოდა მგელი მოდის, მგელიო და ბოლოს მისი აღარავის სჯეროდა. ბელარუსის მთავრობამ იმდენი გააკეთა, რომ შექმნილ სიტუაციას სერიოზულად უკვე ძალიან ცოტა აღიქვამს. ამიტომ, თუ მართლაც დადგება პრორუსული სამხედრო დაჯგუფებების საკითხი, მთავრობას უკვე აღარავინ დაუჯერებს. ჯერ მხოლოდ ამის თქმა შეგვიძლია, რადგან ვერ ვხედავთ მკაფიო მტკიცებულებას, რომ ეს ადამიანები მართლაც კერძო კომპანია „ვაგნერის“ თანამშრომლები იყვნენ, მიემგზავრებოდნენ ბელარუსში და არა სადმე სხვაგან. თუ ისინი ბელარუსში მოდიოდნენ, არ ვიცით, რა მიზანი ამოძრავებდათ – საინფორმაციო ოპერაცია, დაზვერვა, ტერაქტები, როგორც ამას ხელისუფლება ამტკიცებს. მტკიცებულებები ჯერ არ ჩანს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამ პირველად არ ხდება, როდესაც რუსული სამხედრო ფორმირებები ბელარუსის ტერიტორიას იყენებენ, რადგან ამ ტერიტორიას უსაფრთხოდ მიიჩნევენ.
– თქვენი აზრით, რა გზავნილი იყო რუსეთის მოქალაქეების დაკავება დასავლეთისთვის და რუსეთისთვის?
ბელარუსის ხელისუფლება 2014 წელს ყირიმში განვითარებული მოვლენების შემდეგ ცდილობს, მიჰყიდოს დასავლეთს თეზისი იმის შესახებ, რომ ბელარუსში შესაძლოა, ყველაფერი მთლად დემოკრატიულად ვერ არის და ადამიანების უფლებებიც სათანადოდ არ არის დაცული, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ „მწვანე კაცუნები“ არ გვყავს. ჩვენ მშვიდობიანები და დამოუკიდებლები ვართ. ამიტომ, ზეწოლას ნუ შეეცდებით, რადგან ამ შემთხვევაში ბელარუსს რუსეთისგან საფრთხე დაემუქრება. ახლა ბელარუსის ხელისუფლება ცდილობს, რუსეთისგან მომავალი საფრთხის საფარქვეშ მიჰყიდოს დასავლეთს უპრეცედენტო კანონდარღვევებით ჩატარებული არჩევნები. ეს გასაგებიც კია, მაგრამ მეორე საკითხია, თუ როგორ აისახება ეს რუსეთ-ბელარუსის ურთიერთობებზე. ბოლო ერთი წელია, ეს ურთიერთობები კარგი არ არის. რუსეთი ცდილობდა ბელარუსის პოლიტიკური ინტეგრაციის საკითხის წინ წაწევას, რასაც მინსკი პრინციპულად არ ეთანხმება. მოსკოვის მიერ თავს მოხვეულ საგზაო რუკას ხელი არავინ მოაწერა. ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასების საკითხი ძალიან ცუდად გადაწყდა. ახალი სკანდალი რუსეთ-ბელარუსის ურთიერთობებს ნამდვილად არ წაადგება. შეიძლება, ეს საჯაროდ ვერ ვიხილოთ, რადგან დაქირავებული მებრძოლების გამოყენება ზოგადად იმისთვის ხდება, რომ არაფერი გასაჯაროვდეს. მოსკოვი ღიად შედარებით რბილ განცხადებებს აკეთებს იმ ფონზე, როდესაც დაკავებულია რუსეთის ათობით მოქალაქე. თუ ეს დაკავება მოსკოვთან შეთანხმებული არ არის, შესაძლოა, ამ სიტუაციის განვითარება კიდევ ვიხილოთ.
– ჩვენ ვიხილეთ მიტინგები მინსკსა და სხვა ქალაქებში. როგორ ფიქრობთ, რამდენად ძლიერია დღეს ბელარუსის ოპოზიცია და ზოგადად, როგორია წინასაარჩვენო გარემო?
წელს ბელარუსის საზოგადოება უპრეცედენტოდ პოლიტიზებულია. ეს დაკავშირებულია ეკონომიკურ კრიზისთან. სიტუაცია გაამწვავა კორონავირუსის პანდემიამ. ამ დროს ბევრმა მოქალაქემ ხელისუფლებისგან გულგრილი დამოკიდებულება იგრძნო, როდესაც მთავრობამ უარი თქვა იმ ზომების მიღებაზე, რასაც საზოგადოება ეფექტურად მიიჩნევდა. ეს ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებაზე ნეგატიურად აისახა. ახლა სახეზეა უკმაყოფილების ტალღა, რომელსაც მაგნიტივით ხან ერთი და ხან მეორე კანდიდატი იზიდავს. შემდეგ ამ კანდიდატების ნაწილს აკავებენ, ნაწილს არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ეუბნებიან. სწორედ ამიტომ ვხედავთ მიტინგს, რომელიც ცხადია, სვეტლანა ციხანოვსკაიამ ჩაატარა, მაგრამ უკვე კარგა ხანია, ეს ერთი პოლიტიკოსის კამპანია აღარაა. როგორც ვიცით, ბელარუსში ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე მიტინგის ჩატარება მხოლოდ პრეზიდენტობის კანდიდატებს შეუძლიათ. ამიტომ დღეს სვეტლანა ციხანოვსკაიას ფიგურის გარშემო სხვადასხვა კანდიდატის წარმომადგენლები არიან შეკრებილები. თავად ციხანოვსკაიაც ამბობს, რომ პოლიტიკოსი არ არის და არჩევნებში ბლოგერი მეუღლის დაკავების გამო მონაწილეობს. ასე რომ, მინსკის ქუჩებში ათასობით ადამიანი მხოლოდ ერთი პოლიტიკოსის ან პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად არ გამოსულა. ისინი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდნენ. საზოგადოების უკმაყოფილება ძალიან დიდია, მაგრამ თავად ხალხმაც არ იცის, რაში გადაიზრდება ეს უკმაყოფილება და რისთვის არიან მზად, არჩევნების დღეს თუ ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, იტყვის, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ 75% ან 80%-ი მიიღო. მინსკში რამდენიმე დღის წინ გამართული მიტინგი ლეგალური და უსაფრთხო იყო, სადაც ძალა არ გამოუყენებიათ. ვშიშობ, არჩევნების დღეს და შემდეგ სიტუაცია რადიკალურად განსხვავებული იქნება.
– რამდენად ერთიანია დღეს ბელარუსის ოპოზიცია?
ოპოზიცია არ არის ერთიანი. ამ არჩევნებში მონაწილეობენ ახალი პოლიტიკური ძალები. მათ შორის ბლოგერები, ბიზნესმენები. ისინი ამტკიცებენ, რომ არ წარმოადგენენ ტრადიციულ ოპოზიციას, რომელსაც ამომრჩეველი იცნობს და რომლის მიმართაც სკეპტიკურადაა განწყობილი. მათივე მტკიცებით, ისინი ახალ, ალტერნატიულ ძალას წარმოადგენენ. ამიტომ, ტრადიციულ ოპოზიციასთან მდორე კონფლიქტი არსებობს. ახლა ახალბედა პოლიტიკოსები ხალხის მხარდაჭერის ფონზე ვარსკვლავებად გრძნობენ თავს და მიიჩნევენ, რომ ძველმა ოპოზიციონერებმა არაფერი გააკეთეს. ერთიანობა არ არის. მათ შორის არც პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის. თუმცა, ერთიანია საზოგადოება, რომელსაც ცვლილებები სურს. ხალხს მობეზრდა უძრაობა და დაკარგული წლები, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, რასაც ლუკაშენკოს მმართველობის ბოლო წლებში ვხედავთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ ის, რომ არც ერთი კანდიდატი არ მოუწოდებს ხალხს ქუჩაში არალეგალური მიტინგების გამართვისკენ. მაგრამ, საზოგადოებას მაინც აქვს განცდა და მოლოდინი, რომ აქციები გაიმართება. საარჩევნო კამპანიის პერიოდში უკვე ვნახეთ, რომ როდესაც კანდიდატებს აკავებდნენ, ხალხი ქუჩაში სპონტანურად გამოდიოდა. ხალხი სხვადასხვა ადგილას იკრიბებოდა. ეს ახალი, დეცენტრალიზებული პროტესტია. არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. არსებობს ცუდი მოლოდინი, რომ ხელისუფლება ინტერნეტს გათიშავს, რათა აქციების კოორდინაცია შეუძლებელი გახდეს. ასევე, ელოდებიან ქალაქის ცენტრალური ქუჩების გადაკეტავს, მაგრამ არავინ იცის, როგორ მოიქცევა ხალხი, გამოვლენ თუ არა რეგიონების მცხოვრებლები ქუჩებში. უკვე გაისმა მოწოდებები, რომ მიტინგები საარჩევნო უბნებთან გაიმართოს. ბელარუსში კი, 5 500-ზე მეტი უბანია და ყველასთან სპეცრაზმს ვერ დააყენებ. რაც მთავარია, 9 აგვიტოს ყოველთვის მოსდევს 12, 13 აგვისტო. ხალხმა ცხოვრება უნდა გააგრძელოს, გამოწვევა კი უცვლელი იქნება, რადგან საზოგადოების უკმაყოფილება არ გაქრება. არჩევნების ოფიციალური შედეგები ხალხს ვერ გაახარებს და ეკონომიკაშიც კარგს არაფერს ველოდებით. ამიტომ, კითხვა შემდეგშია, როგორ მოიქცევა ხალხი და რისთვის არიან ისინი მზად.
– დაბოლოს, შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთი ბელარუსის წინასაარჩვენო კამპანიაში ერევა?
კრემლის ჰიპოტეტური მხარდაჭერის ფაქტორი ყოველთვის ფიგურირებს. ჩვენ ბრალდებები რეგულარულად გვესმის. ხელისუფლება მუდმივად და ყველას ადანაშაულებს, მეტოქეებს უცხოეთის მარიონეტებად ნათლავს. როდესაც ყველას ადანაშაულებენ, ძნელია, რამე დაიჯერო. ანალოგიური ვითარებაა შიდა პოლიტიკურ სპექტრშიც. ერთი რამის თქმა შეგვიძლია – კრემლი ღიად არავის უჭერს მხარს. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ კრემლი ღიად უჭერს მხარს იმ კანდიდატებსაც კი, რომლებიც მოსკოვთან თანამშრომლობაში იყვნენ ეჭვმიტანილი. მათი დაკავების შემდეგ რუსეთს არაფერი გაუკეთებია. შეიძლება ითქვას, რომ ახლა ოპოზიცია და ხელისუფლება კრემლთან კავშირში ერთმანეთს ადანაშაულებენ. კრემლი ახლა მოლოდინის რეჟიმშია და აინტერესებს, რა მოხდება ბელარუსში, რომელი კანდიდატის მხარდაჭერა ღირს. კრემლს მანევრირების მეტი შესაძლებლობა აქვს.