21 ივლისს უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ლიდერობს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ახლად დაფუძნებული პარტია „ხალხის მსახური“. კიდევ რომელ პარტიებს აქვთ შანსი მოხვდნენ მეცხრე მოწვევის უმაღლეს რადაში და როგორ შეიცვლება პოლიტიკური ლანდშაფტი უკრაინაში არჩევნების შემდეგ. ეს კითხვები უკრაინელ პოლიტოლოგ ვადიმ კარასიოვს დავუსვით.
როგორ შეაფასებდით საარჩევნო კამპანიას? წინასწარი პროგნოზით, ახალი მოწვევის რადაში სულ ხუთი პარტია მოხვდება.
წინასაარჩვენო კამპანია იყო ძალიან მოკლე და აგიტაცია შემჭიდროებულ ვადებში მიმდინარეობდა. ამას ემატება ისიც, რომ უკრაინის ხელისუფლება ფაქტობრივად არ შეცვლილა. უკრაინის რადა, საპარლამენტო უმრავლესობა, მინისტრთა კაბინეტი და პრემიერ-მინისტრი უცვლელი იყო. პოლიტიკური რეჟიმი არჩევნებამდე ფაქტობრივად არ შეცვლილა. დღეს უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკის პოლიტიკური რეჟიმი არ არის, ის ვადამდელი არჩევნების შემდეგ უნდა ჩამოყალიბდეს. არჩევნების შემდეგ უნდა გადაწყდეს, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, ვინ იქნება მმართველ კოალიციაში, ვინ იქნება ოპოზიციაში. სწორედ ამიტომ საარჩევნო კამპანია არის ცოტა დაძაბული და მწვავე. ახლა ბრძოლა მიმდინარეობს არა უბრალოდ საპარლამენტო მანდატებისა და უმაღლეს რადაში მოსახვედრად, არამედ მმართველი კოალიციის ახალი კონფიგურაციისთვის და პრემიერ-მინისტრის პოსტისთვის. ამ საარჩევნო კამპანიის განმასხვავებელი კიდევ ის გახლავთ, რომ ბრძოლაში ჩართულია არათანაბარი სიძლიერის პოლიტიკური ძალები. პარტია „ხალხის მსახური“ მნიშვნელოვნად უსწრებს კონკურენტებს, ამიტომ პარტიები ძირითადად მეორე ადგილისთვის იბრძვიან. მედვედჩუკის „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“, ერთი მხრივ, ოპოზიციურ ბლოკს ეჯიბრება და, მეორე მხრივ, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში „ხალხის მსახურის“ ელექტორატის მიმხრობას ცდილობს. რაც შეეხება დასავლეთ უკრაინას, აქ კონკურენტები არიან პოროშენკო, მისი პარტია „ევროპული სოლიდარობა“ და როკ ვარსკვლავ ვაკარჩუკის პარტია „გოლოსი“. არ უნდა დაგვავიწყდეს ტიმოშენკოც, რომელიც ხმებისთვის ძირითადად უკრაინის ცენტრალურ ნაწილში იბრძვის. მთელ საარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს უფრო აკრიტიკებდნენ, თუმცა პრეზიდენტის პარტიას ფრთხილად ეპყრობოდნენ, რადგან ისინი ზელენსკის პარტიას სათანადო კონკურენციას ვერ უწევენ. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დღეებში ოპოზიციურმა პლატფორმამ მძაფრი მედია შეტევა წამოიწყო პრეზიდენტსა და მის გუნდზე. ისინი ამბობენ, რომ ზელენსკი არ ასრულებს საარჩევნო დაპირებებს – რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებისა და დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რაც შეეხება გამოკითხვებს, დიახ, თქვენ მართალი ხართ. ამ ეტაპზე კვლევებით ჩანს, რომ რადაში ხუთი პარტია მოხვდება. დიდი უპირატესობა აქვს პარტია „ხალხის მსახურს“. შემდეგი არის ოპოზიციური პლატფორმა, რომელიც 15 პროცენტს მიიღებს. მას მოჰყვება პეტრო პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობა“, რომელსაც სავარაუდოდ 8 პროცენტი მიემხრობა. ანალოგიური შედეგები ექნება ტიმოშენკოს და მის „ბატკივშინას“. ასევე პარლამენტში მოხვდება ვაკარჩუკის პარტია, რომელსაც 5-6 პროცენტი აქვს.
გასაგებია, მთავარია, ვინ მოხვდება მმართველ კოალიციაში?
დიახ. ზელენსკის სურს ერთპარტიული უმრავლესობა, სხვა პარტიებთან კოალიციის გარეშე. თუმცა, რამდენად გამოუვა ეს ზელენსკის, ჯერ უცნობია. ჩემი გათვლებით, ამ ეტაპზე პარტია „ხალხის მსახურს“ პარტიული სიით 120 დეპუტატი შეჰყავს ახალი მოწვევის რადაში. ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში კი ზელენსკის პარტია მაქსიმუმ 70 ადგილს მიიღებს, რაც არ არის საკმარისი. „ხალხის მსახურის“ ლიდერები ელოდებიან, რომ ერთმანდატიან ოლქებშიც უმრავლესობას მოიპოვებენ, თუმცა თუ გავითვალისწინებთ კვლევებს, ეს არ მოხდება და აუცილებელი იქნება კოალიციის ფორმირება. ჯერ უცნობია, ვისთან შედგება შეთანხმება, სამაგიეროდ, ზუსტად ვიცით, რომელ პარტიებთან არ აპირებს კოალიციაში შესვლას ზელენსკის გუნდი. ეს არის მედვედჩუკი და მისი ოპოზიციური პლატფორმა – სოცოცხლისთვის. ასევე პოროშენკო და მისი პარტია „ევროპული სოლიდარობა“. ასე რომ, ნუსხაში რჩება ტიმოშენკო და როკ მუსიკოს ვაკარჩუკის პარტია „გოლოსი“. აქ ჩნდება კითხვა – რის სანაცვლოდ შევა ტიმოშენკო ზელენსკის კოალიციაში? პრემიერ-მინისტრის პოსტის სანაცვლოდ? თუ სხვა თანამდებობას დასჯერდება? უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზელენსკის სურს ისეთი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც თავისი გუნდიც ეყოლება. მას პრეზიდენტისადმი მაქსიმალურად ლოიალური პრემიერ-მინისტრი სურს. ასე რომ, კითხვის ნიშნები ბევრია და ბევრი იმ შემთხვევაში მოიხსნება, თუ რადაში ხუთზე მეტი პარტია შევა. ასეთ დროს კოალიციის კონფიგურაცია შეიცვლება და ეს პარტია „ხალხის მსახურს“ აწყობს კიდეც, რადგან ასეთ შემთხვევაში პრემიერ- მინისტრის სავარძლისთვის ვაჭრობა შესაძლოა გადაიდოს. ასე რომ, მთავარი საარჩევნო ინტრიგა ხმის მიცემის პროცედურის და წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყება.
რაც შეეხება ოპოზიციას, გამოდის, რომ ოპოზიცია იქნება ჭრელი?
დიახ, გამოდის, რომ ოპოზიცია იქნება პრორუსული და პროდასავლური. ეს ზელენსკის პარტიას აწყობს კიდეც, რადგან მისი გუნდი შეიმუშავებს ერთგვარ ცენტრისტულ პოლიტიკას. ის შეძლებს მანევრირებას მედვედჩუკსა და პოროშენკოს შორის.
ასევე გამოდის, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა უკრაინაში პრორუსული იქნება?
მედვედჩუკის პარტია მეორე ადგილზეა, მაგრამ ზელენსკის „ხალხის მსახური“ მას დიდი სხვაობით უსწრებს. მეორე მხრივ, პრორუსულ ოპოზიციას ხმას ძირითადად დონბასის მცხოვრებლები აძლევენ. საუბარია იმ რეგიონებზე, სადაც კონფლიქტი გრძელდება. მათ იმედი აქვთ, რომ მედვედჩუკი რუსეთიდან ნავთობს ჩამოიტანს და გაზის საფასურს შეუმცირებს. სწორედ ამის სჯერათ და ამიტომ აძლევენ მედვედჩუკს ხმას.
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკრაინაში ე.წ. გარდამავალი პერიოდი იყო. მთავრობა ფაქტობრივად უცვლელი იყო. თქვენი აზრით, როგორ შეიცვლება სურათი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ?
არჩევნების შემდეგ ზელენსკის პოზიციები გამტკიცდება. პრეზიდენტს შიდა და საგარეო პოლიტიკაში მანევრირებისთვის მეტი სივრცე გაუჩნდება, მაგრამ ზელენსკი გაატარებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც ცოტათი დისტანცირებული იქნება დასავლეთისგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის რუსეთზე იქნება ორიენტირებული. ის კურსს აიღებს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე. გამოუვა თუ არა მას ასეთი პოლიტიკის გატარება, ჯერ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია.