მიხაელ გალერი - ვისურვებდი, მივიდეთ იმ ვითარებამდე, როდესაც საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე უარის თქმა შეუძლებელი იქნება
მიხაელ გალერი - ვისურვებდი, მივიდეთ იმ ვითარებამდე, როდესაც საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე უარის თქმა შეუძლებელი იქნება

ვისურვებდი, მივიდეთ იმ ვითარებამდე, როდესაც საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე უარის თქმა შეუძლებელი იქნება, რაც ახლა ხდება საქართველოში, არ არის კარგი სიგნალი ჩვენთვის, – ეს განცხადება გერმანელმა ევროპარლამენტარმა, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, მიხაელ გალერმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

კითხვაზე, რამდენად რეალურია საქართველოს მმართველი პარტიის ინიციატივა, რომ საქართველომ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი წარადგინოს, ევროდეპუტატი ამბობს, რომ ევროკავშირის წესების მიხედვით, ამის გაკეთება ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს შეუძლია, თუმცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს.

„ძალიან კარგი იქნებოდა, რომ არჩევნები შემდეგ საქართველოს ეს სიტუაცია არ შექმნილიყო. ვისურვებდი, რომ საქართველოში ყოფილიყო მეტი პოლიტიკური კულტურა თანამშრომლობისთვის ამ ევროპულ დღის წესრიგზე. ამბიციური მიზნების მისაღწევად თქვენ გჭირდებათ ყველა ძალის გაერთიანება. ამასთან ერთად, თქვენ უნდა მოემზადოთ. მე ყოველთვის ვეუბნები უკრაინელებს, მოლდოველებსა და ქართველებს, თქვენ პატარძალი ხართ და უფრო მიმზიდველი უნდა იყოთ. ვისურვებდი, რომ ჩვენ მივიდეთ იმ სიტუაციამდე, როდესაც თქვენთვის უარის თქმა შეუძლებელი იქნება. ამჟამად არსებულ სიტუაციაში ვფიქრობ, თქვენს მოთხოვნას მოწინააღმდეგეები ეყოლება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვხედავთ, როგორ ებრძვით ერთმანეთს. თქვენ უნდა დაამტკიცოთ, რომ მზად ხართ, რათა თქვენი განაცხადი დააკმაყოფილონ. რაც ახლა ხდება საქართველოში, არ არის კარგი სიგნალი ჩვენთვის. იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ თქვენს პოლიტიკურ მზაობაში, მხოლოდ ნება არ არის საკმარისი, აუცილებელია უნარიც და ამისთვის თქვენ უნდა იმუშაოთ ერთად“, – განაცხადა გალერმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.

ევროდეპუტატ მიხაელ გალერთან ექსკლუზიურ ინტერვიუს მოისმენთ დღეს, 14:00 საათზე „საქართველოს რადიოს“ ეთერში, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.