მიხაელ გალერი - მოვუწოდებ ოპოზიციას, არ თქვათ უარი სამართლიანობის მოთხოვნაზე, თუმცა დაიკავეთ თქვენი ადგილები პარლამენტში
მიხაელ გალერი - მოვუწოდებ ოპოზიციას, არ თქვათ უარი სამართლიანობის მოთხოვნაზე, თუმცა დაიკავეთ თქვენი ადგილები პარლამენტში

მოვუწოდებ ოპოზიციას, კვლავ მოითხოვეთ სამართლიანი მოპყრობა, არ თქვათ უარი ამ მოთხოვნაზე, თუმცა დაიკავეთ თქვენი ადგილები პარლამენტში, – ეს განცხადება გერმანელმა ევროპარლამენტარმა, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, მიხაელ გალერმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

„ჩემი არგუმენტი არის შემდეგი, როდესაც არსებობს საჩივარი, რომ არჩევნები არ იყო საკმარისად სამართლიანი და ოპოზიცია საკუთარ თავს დაჩაგრულად მიიჩნევს, ძალიან გთხოვთ, დაიკავეთ თქვენი ადგილი და ამის შესახებ განაცხადეთ პარლამენტის დარბაზიდან, ტრიბუნასთან. სწორედ პარლამენტია ლეგიტიმური ადგილი ასეთი დავისთვის. მოვუწოდებ ოპოზიციას, კვლავ მოითხოვეთ სამართლიანი მოპყრობა, არ თქვათ უარი ამ მოთხოვნაზე, თუმცა დაიკავეთ თქვენი ადგილები“, – განაცხადა გალერმა.

მისივე თქმით, არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიების დროს უნდა გამოიკვლიონ არა მხოლოდ ბიულეტენების დათვლის დროს დაფიქსირებული ხარვეზები, არამედ მთელი საარჩევნო პერიოდი.

ევროდეპუტატის თქმით, 2016 წელს იმყოფებოდა საქართველოში და შენიშნა შავი ჯიპები საარჩევნო უბნებთან, რაც შეიძლება იყოს ამომრჩევლებზე ზეწოლა. ევროდეპუტატის რჩევაა, რომ მომავალი არჩევნებისთვის სისტემა გაუმჯობესდეს.

„გააუმჯობესეთ საარჩევნო სისტემა შემდეგი არჩევნებისთვის, შეთანხმდით. ველოსიპედის ხელახლა გამოგონება არ გჭირდებათ, უკვე არსებობს ეუთო-სა და ოდირის რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც შესაძლებელია. ასევე შეგიძლიათ, გადახედოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმას ეხება. ბევრი რამის რეფორმირებაა შესაძლებელი. პრინციპში, ცვლილებების გასატარებლად საჭირო ნება საქართველოში არსებობს და ჩვენ ეს ვნახეთ, თუმცა მოხდა შეფერხება, რაშიც მხოლოდ ერთ მხარეს არ დავადანაშაულებდი. საუბარი მაქვს ყველა დაინტერესებული მხარის პოლიტიკურ ნებაზე, რათა დასხდეთ ერთად“, – ამბობს გალერი.

ევროდეპუტატი ამბობს, რომ ევროპარლამენტში ნაწყენები დარჩნენ, როდესაც ოპოზიციასა და მთავრობას შორის მოლაპარაკებებში შუამავლად ჩართული ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მიმართ კრიტიკა გაისმა.

„ძალიან გვეწყინა, როდესაც ის გააკრიტიკეს და სულ არ მანაღვლებს, რომელი მხრიდან მოდიოდა ეს კრიტიკა, მმართველი პარტიიდან თუ ოპოზიციიდან. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, გულწრფელი და მიუკერძოებელი მიდგომით. ამას დემოკრატიისა და მოქალაქეებისთვის ვაკეთებთ, რომლებსაც მობეზრდათ ყველა პოლიტიკური პარტია, რადგან ხედავენ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირები ერთმანეთს უპირისპირდებიან, მაშინ როდესაც პანდემიაა, როდესაც ეკონომიკის განმტკიცებაა საჭირო, როდესაც საჭიროა განათლების, ჯანდაცვისა და პენსიების საკითხების მოგვარება. ეს არის დღის წესრიგის მთავარი საკითხები ყველა ქვეყანაში, რომლებიც უნდა მოგვარდეს და არა ოპონენტზე უპირატესობის მოპოვება. მე მივმართავ ყველა მხარეს, შეთანხმდით და იპოვეთ გამოსავალი. ხალხი ამას დაგიფასებთ, სხვა შემთხვევაში კი, ისინი მოძებნიან ექსტრემისტულ გამოსავალს, ეს კი ხალხის ინტერესებში არ არის და მე ძალიან კარგად ვიცი, ვის ინტერესებშია ექსტრემიზმი, პოპულიზმი და რადიკალიზმი“, – განაცხადა გალერმა.

კითხვაზე, რამდენად რეალურია საქართველოს მმართველი პარტიის ინიციატივა, რომ საქართველომ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი წარადგინოს, ევროდეპუტატი ამბობს, რომ ევროკავშირის წესების მიხედვით, ამის გაკეთება ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს შეუძლია, თუმცა 2020 წლის საპარალამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს.

„ძალიან კარგი იქნებოდა, რომ არჩევნები შემდეგ საქართველოს ეს სიტუაცია არ შექმნილიყო. ვისურვებდი, რომ საქართველოში ყოფილიყო მეტი პოლიტიკური კულტურა თანამშრომლობისთვის ამ ევროპულ დღის წესრიგზე. ამბიციური მიზნების მისაღწევად თქვენ გჭირდებათ ყველა ძალის გაერთიანება. ამასთან ერთად, თქვენ უნდა მოემზადოთ. მე ყოველთვის ვეუბნები უკრაინელებს, მოლდოველებსა და ქართველებს, თქვენ პატარძალი ხართ და უფრო მიმზიდველი უნდა იყოთ. ვისურვებდი, რომ ჩვენ მივიდეთ იმ სიტუაციამდე, როდესაც თქვენთვის უარის თქმა შეუძლებელი იქნება. ამჟამად არსებულ სიტუაციაში ვფიქრობ, თქვენს მოთხოვნას მოწინააღმდეგეები ეყოლება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვხედავთ, როგორ ებრძვით ერთმანეთს. თქვენ უნდა დაამტკიცოთ, რომ მზად ხართ, რათა თქვენი განაცხადი დააკმაყოფილონ. რაც ახლა ხდება საქართველოში, არ არის კარგი სიგნალი ჩვენთვის. იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ თქვენს პოლიტიკურ მზაობაში, მხოლოდ ნება არ არის საკმარისი, აუცილებელია უნარიც და ამისთვის თქვენ უნდა იმუშაოთ ერთად“, – განაცხადა გალერმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.

ევროდეპუტატ მიხაელ გალერთან ექსკლუზიურ ინტერვიუს მოისმენთ დღეს, 14:00 საათზე „საქართველოს რადიოს“ ეთერში, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.