უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დონალდ ტრამპი ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში დაადანაშაულა
უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დონალდ ტრამპი ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში დაადანაშაულა

უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დონალდ ტრამპი ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში დაადანაშაულა. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება.

ამერიკული გამოცემის ცნობით, კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს უილიამ ტეილორმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დახმარების გაწევას მხოლოდ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების წარმოების შემთხვევაში აპირებდა.

წარმომადგენელთა პალატის დახურულ მოსმენაზე დიპლომატმა განაცხადა, რომ აღნიშნული ცნობები ცოტა ხნის წინ ევროკავშირში აშშ-ის ელჩმა, გორდონ სონდლანდმა მიაწოდა. უილიამ ტეილორის თქმით, აღნიშნული საკითხი სექტემბერში გამართული სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს. ამასთან ერთად, დიპლომატმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია სხვა ამერიკელმა მაღალჩინოსნებმაც დაუდასტურეს.

ტეილორის განმარტებით, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მიპატიჟებას არ ჩქარობდნენ, რათა უკრაინაში გამოძიება დაწყებულიყო.

თავად დონალდ ტრამპმა მის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურას ლინჩის წესით დასჯა უწოდა. აღნიშნული განცხადების გამო თეთრი სახლის ლიდერმა კრიტიკა საკუთარ პარტიის წევრებისგანაც მიიღო.

აშშ-მა უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარება, რომელიც 400 მილიონ დოლარს უტოლდებოდა, სექტემბერში შეაჩერა. მაშინ ამერიკული გამოცემების ნაწილმა ივარაუდა, რომ დონალდ ტრამპმა აღნიშნული ნაბიჯი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკიზე ზეწოლის მოხდენის გამო გადადგა. რათა უკრაინაში ბაიდენების ოჯახის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულიყო.

მასშტაბური პოლიტიკური სკანდალი აშშ-ში მას შემდეგ აგორდა, რაც დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გამოქვეყნდა, რის შემდეგაც აშშ-ში დემოკრატებმა თეთრი სახლის ლიდერის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს.