უზენაესმა სასამართლომ დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას მკვლელობაში რომან შამათავა დამნაშავედ ცნო
უზენაესმა სასამართლომ დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას მკვლელობაში რომან შამათავა დამნაშავედ ცნო

უზენაესმა სასამართლომ ორი ინსტანციის გადაწყვეტილება შეცვალა და რომან შამათავა ორი პირის, დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ გუშინ მიიღო.

რომან შამათავას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ამნისტიის შედეგად, კანონის მიხედვით სასჯელი 12-წლამდე შემცირდა.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლისა და სატყეო სააგენტოს რეინჯერის, დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას კვალი 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში დაიკარგა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაწყებული გამოძიების დროს საქმეზე ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომან შამათავას წაუყენეს. სასამართლოს ორმა ინსტანციამ შამათავა ორი გაუჩინარებული პირის განზრახ მკვლელობის ნაცვლად, დამნაშავედ ცნო მკვლელობის მცდელობაში. უზენაესმა სასამართლომ კი მსჯავრდებულ შამათავას მკვლელობის მცდელობა მოუხსნა და მკვლელობა დაუდგინა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა და უზენაესი სასამართლო განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.