უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ და უყრიან კენჭს.
საპარლამენტო უმრავლესობამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში რამდენიმე შესწორება შეიტანა. ამასთან, პროექტში ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, კანდიდატი წარადგინოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტში მაქსიმალურად არის ასახული ყველა რეკომენდაცია.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს შევარჩევთ მაქსიმალური გამჭვირვალობის ფონზე, ამერიკული მოდელით, რომელიც გულისხმობს თითოეული კანდიდატის ინდივიდუალურად მოსმენას და შემდგომ თითოეული კანდიდატისთვის კენჭისყრას პლენარულ სხდომაზე. დღეს არის დარჩენილი მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებების განხილვა, რაც გათვალისწინებული არის კანონპროექტის მესამე მოსმენისთვის. პლენარულ სხდომაზე წარვადგენთ კანონპროექტს, რომელშიც ასახული იქნება მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნები. ამის შემდეგ პრეზიდენტი აწერს ხელს, კანონპროექტი იქცევა უკვე კანონად და შედის ძალაში”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა.
მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივას ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს.
„ვენეციის კომისიის და ეუთო-ს სხვა სახელმწიფოების ქვეყნების რჩევის მიუხედავად, ერთ პატარა დათმობაზეც არ წამოვიდნენ, რომ იუსტიციის საბჭოში საკითხის გადაწყვეტა ყოფილიყო ღია კენჭისყრით. დახურული კენჭისყრა აირჩიეს, რათა არ გამჟღავნებულიყო ამ კლანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ძალიან სამწუხაროა ეს სურათი, მაგრამ ძალიან ცუდად შემოუბრუნდება მსგავსი თავხედობა ხელისუფლებას“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ.