უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ლევან თევზაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ლევან თევზაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხშირი იყო მისი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ირაკლი შენგელიას ნათესაურ კავშირზე საუბარი. თევზაძის განმარტებით აღნიშნული არ შეიძლება გამხდარიყო გასაუბრების ეტაპზე აცილების საფუძველი. ამასთან, თევზაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოხსნას საკუთარი კანდიდატურა, რათა ჩრდილი არ მიადგეს პროცესს.
„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს წევრთა შერჩევის პროცესი. შერჩევის პროცესში კონკრეტულმა პირებმა, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთმა არამოსამართლე წევრმა, საზოგადოებას მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია, თითქოს საბჭოს წევრ ირაკლი შენგელიასთან ჩემი ნათესაური კავშირი აცილების საფუძველს წარმოადგენდა, რაც პროცესის მიზანმიმართული დისკრედიტაციაა. ორგანული კანონით პირდაპირ არის განსაზღვრული აცილების კონკრეტული საფუძვლები, რაც ჩემს შემთხვევას საერთოდ არ ეხება.
მიმაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის დადგენილ ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებ და მაქვს ლეგიტიმური უფლება, მონაწილეობას ვიღებდე კონკურსში, თუმცა მხედველობაში მივიღე მიმდინარე პროცესის მნიშვნელობა სასამართლო სისტემისთვის და მიზანშეწონილად მივიჩნიე, მიმემართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის კანდიდატურის მოხსნის თაობაზე, რათა ჩრდილი არ მიადგეს ამ ისტორიულ პროცესს“, – წერს ლევან თევზაძე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს დღეს კენჭს უყრის. კანონის მიხედვით, საბჭო 48-კაციანი სიიდან ფარული კენჭისყრით შეარჩევს 20 კანდიდატს, ამის შემდეგ კი, მონაცემები საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.