უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ნიკოლოზ მარსაგიშვილთან გასაუბრების დროს ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

​საბჭოს წევრი, ირაკლი შენგელია, არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილის კითხვებმა გააღიზიანა და მას არაკომპეტენტური უწოდა. ამასთან შენგელიამ, ჯანეზაშვილს ახსნა-განმარტება მოსთხოვა მის დღევანდელ განცხადებაზე, როდესაც არამოსამართლე წევრმა საბჭოში მიმდინარე პროცესს „ცირკი“ უწოდა.

„გამაგებინეთ რა ხდება, რა უბედურებაა ასეთი არაკვალიფიციური კითხვების დასმა. ჯერ გამოდიხართ და ამ პროცესს ცირკს უწოდებთ, შეურაცხყოფას აყენებთ სასამართლო კორპუსს და გეზიზღებათ მოსამართლეები. აშკარად სიძულვილს გამოხატავთ, რაღაც კვალიფიციური კითხვა მაინც დაუსვით კანდიდატს. რა ცირკზეა საუბარი და ვის უწოდებთ ცირკს, მოსამართლეებს?! გადადიხართ პოლიტიკურ კითხვებზე, ასეთი დღის წესრიგი გაქვთ, დავალებებს ასრულებთ. გასაუბრებები ხუთი კანდიდატიდან სამზე ჩამოვიყვანეთ, ახლა ორზე ჩამოვედით და ამას თქვენ გამო ვაკეთებთ, ორსაათიან დაკითხვებს უწყობთ კანდიდატს. ბარემ დაადეთ ხელბორკილი და ელექტროშოკი გაუკეთეთ. სანამდე უნდა ვითმინოთ თქვენი ეს უმსგავსობა?! ყველაფერს საზღვარი აქვს. მოსამართლეთა კორპუსის მიმართ აშკარა ზიზღს გამოხატავთ“, – განაცხადა ირაკლი შენგელიამ საბჭოს სხდომაზე.

ირაკლი შენგელიას მსგავსი პოზიცია ჰქონდა საბჭოს კიდევ ერთ წევრს, სერგო მეთოფიშვილს. მან ნაზი ჯანეზაშვილის ქმედებებს „პროვოკაციის მცდელობა“ უწოდა.

„თქვენ თავს აყენებთ შეურაცხყოფას, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებთ. რასაც თქვენ აკეთებთ ამ პროცესის დისკრედიტაციის მცდელობაა, პროცესს აჭიანურებთ. იაფფასიანი კროსვორდიდან აღებული კითხვებით ცირკს აწყობთ“, – განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

ირაკლი შენგელიას განცხადებას ნაზი ჯანეზაშვილს მიმართ გამოეხმაურა საბჭოს კიდევ ერთი წევრი თამარ ონიანი.

„სამი დღე მარტო თქვენი სიძულვილის ხმის მოსმენამ ისე ცუდად გამხადა, საავადმყოფო ფურცელზე მე უნდა გავსულიყავი. შემდეგ შეცვალეთ ეს ტონალობა, კარგია რომ შეცვალეთ, მაგრამ ცირკს რომ უწოდებთ პროცესს და ამ პროცესში სერიოზული სახით რომ სვამთ კითხვებს, ჯამბაზი არ ხართ? მითხარით, არ გამოდიხართ ჯამბაზი?“ – მიმართა თამარ ონიანმა ჯანეზაშვილს.

საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, თამარ ონიანი, გაკეთებული განცხადების გამო, მოსამართლეთა ეთიკის დარღვევაში დაადანაშაულა, საბჭოს კიდევ ერთ წევრს, ირაკლი შენგელიას კი, კომპეტენცია დაუწუნა.

„ქალბატონო თამარ, თქვენ ახლა დაარღვიეთ მოსამართლეთა ეთიკა და სხვათა შორის, არაერთხელ. განქორწინებული ხართ თუ არა, თქვენს მაზლთან მიმართებით გასაუბრების დროს ინტერესთა კონფლიქტი კვლავ რჩება.

ბატონო ირაკლი, თქვენი კვალიფიკაციის შესახებ საქვეყნოდაა ცნობილი“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.