უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტში განხილვა მოსამართლეების, თამარ ალანიასა და მერაბ გაბინაშვილის მოსმენით დაიწყება
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტში განხილვა მოსამართლეების, თამარ ალანიასა და მერაბ გაბინაშვილის მოსმენით დაიწყება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტში განხილვა იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე დღეს, 09:00 საათიდან დაიწყება. დღის წესრიგით თავდაპირველად კომიტეტზე იმსჯელებენ მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიების საკითხზე. ამის შემდეგ კომიტეტის საჯარო სხდომაზე კანდიდატების მოსმენის პროცედურა თავმჯდომარის მიერ კომიტეტთან შეთანხმებით განისაზღვრება.

იურიდიული კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატებიდან თავდაპირველად მოსამართლეებს, თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილს მოუსმენს. ეს მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2018 წლის 24 დეკემბერს პარლამენტისთვის წარდგენილ იმ ათკაციან სიაშიც იყვნენ, რომელთა განხილვაც პარლამენტმა შეაჩერა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება საჯარო ფორმატში მოხდება და მათთან კითხვების დასმის შესაძლებლობა ექნებათ როგორც ოპოზიციის, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლებს. თითო კანდიდატის მოსმენისთვის კი 6-საათიანი დრო იქნება განსაზღვრული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატია პარლამენტში წარდგენილი, რომლებმაც კონკურსის მიხედვით საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობით ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღეს. მათ შორის არიან მოქმედი მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი მდივანი, საბჭოს ყოფილი წევრები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე.
წარდგენილი კანდიდატები არიან: 1.თამარ ალანია 2.მერაბ გაბინაშვილი 3. შოთა გეწაძე 4. მირანდა ერემაძე 5. მამუკა ვასაძე 6. მაია ვაჩაძე 7. თამარ ზამბახიძე 8. შალვა თადუმაძე 9. ზაზა თავაძე 10. ვლადიმერ კაკაბაძე 11. ლევან მიქაბერიძე 12. გიორგი მიქაუტაძე 13. პაატა სილაგაძე 14. ნუგზარ სხირტლაძე
15. ლალი ფაფიაშვილი 16. ნინო ქადაგიძე 17. ლაშა ქოჩიაშვილი 18. ქეთევან ცინცაძე 19. ალექსანდრე წულაძე 20. გოჩა ჯეირანაშვილი.