უზენაესი სასამართლოს ახლად არჩეული მოსამართლეები სხვადასხვა თანამდებობაზე გადანაწილდნენ
საქართველოს უზენაეს სასამართლოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმის სხდომა გაიმართა.
სხდომას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა უძღვებოდა.
პლენუმმა კენჭი უყარა მოსამართლეთა გამწესებას უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატებში და პალატების თავმჯდომარეების არჩევას, რის შედეგადაც პალატების თავმჯდომარეები და შემადგენლობა ასე განისაზღვრა:
სისხლის სამართლის საკასაციო პალატის თავმჯდომარედ პლენუმის მიერ ერთხმად იქნა არჩეული მოსამართლე შალვა თადუმაძე. ხოლო პალატის შემადგენლობაში გამწესდნენ მოსამართლეები: გიორგი შავლიაშვილი, მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი, სამოქალაქო საქმეთა პალატის მოქმედ შემადგენლობას (თავმჯდომარე მზია თოდუა), დაემატნენ: მირანდა ერემაძე, თამარ ზამბახიძე, გიორგი მიქაუტაძე, ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე.
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარედ ერთხმად არჩეულ იქნა მოსამართლე ნინო ქადაგიძე. მან მოსამართლე ვასილ როინიშვილი შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების 10 წლიანი ვადა ეწურება მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, ხოლო მოსამართლეებად გამწესდნენ მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე.
მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილების საკითხთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს პლენუმმა დაადგინა, რომ უზენაეს სასამართლოში შესული ახალი საქმეები განაწილდება ახლად დანიშნულ მოსამართლეებზე, ხოლო საქმეთა რაოდენობის გათანაბრების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლეზე თანაბრად ელექტრონული განაწილების მიხედვით გადანაწილდება საქმეები.
როგორც აღინიშნა, მოსამართლეთა რაოდენობა უზენაეს სასამართლოში 2019 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით, 10 მოსამართლით განისაზღვრებოდა.
13 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტის მიერ მოსამართლეთა კანდიდატებისთვის კენჭისყრის შემდგომ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას შეუდგა 14 მოსამართლე, მათ შორის ორი უკვე მოქმედი ადმინისტრაციულ საქმეთა პალატიდან.
ინფორმაცია საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაავრცელა.