მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ორთვიანი გეგმის მოქმედების დაწყებიდან დღემდე ეპიდემიოლოგიური კუთხით მიღებული შედეგები, ინტენსიური ტესტირების პროგრამის მიმდინარეობა და ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაო პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე აღინიშნა, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, დღიურად 20 ათასამდე ტესტის ჩატარება მიმდინარე კვირის განმავლობაშიც გაგრძელდება, გასული კვირის ანალიზი კი ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რამდენადაც ქვეყანაში შემთხვევების პოზიტიურობის მაჩვენებელი თითქმის 22-23%-მდე დავიდა.
„ეპიდემიოლოგებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი მოქმედი შეზღუდვების როლს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებითი სტაბილიზაციის პროცესში და აღნიშნეს, რომ საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა და მობილობის მკვეთრი გაზრდის თავიდან აცილება, რათა მიღწეული შედეგები საფრთხის ქვეშ არ დადგეს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დეტალურად აანალიზებს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დაწესებული შეზღუდვების ეფექტს, მათი აღსრულების ხარისხს და ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, შესაბამისად დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
კიდევ ერთხელ აღინიშნა მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ეფექტიანი აღსრულების აუცილებლობა და ყველა რეკომენდაციის დაცვა – მათ შორისაა სოციალური დისტანცია და პირბადეების ტარება. სპეციალისტების შეფასებით, შეზღუდვების მოქმედების პირობებშიც კი, ვითარების სტაბილიზაციისა და ინფიცირების შემთხვევების შემცირებისთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა პირბადის ტარებას და აუცილებელია, ეს მაჩვენებელი დღეს არსებული 65%-დან 90-95%-მდე გაიზარდოს, რაც მოქმედ შეზღუდვებთან ერთობლიობაში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრ გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა მიაწოდეს, კერძოდ: სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 878 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 85 ფიზიკური პირი დააჯარიმა, მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 793 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
საქართველოს შრომის ინსპექციის, შემოსავლების სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურების ერთობლივი ძალისხმევით გასული 48 საათის განმავლობაში განხორციელებული ზედამხედველობის შედეგად, ჯამში ზედამხედველობა განხორციელდა 382 ობიექტზე, მათ შორის, პირველადი ინსპექტირება განხორციელდა 340 ობიექტზე, საიდანაც, 268 ობიექტზე პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, გაიცა ზეპირსიტყვიერი/წერილობითი გაფრთხილება; განმეორებით გადამოწმდა 42 ობიექტი, საიდანაც 32 ობიექტი ფუნქციონირებდა წესების დაცვით, შვიდი ობიექტი არ ახორციელებდა საქმიანობას, ხოლო იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა სამი ობიექტი“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საბჭოზე ყურადღება დაეთმო კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს და ამ თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, როგორც ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური კუთხით.
„ამასთან, როგორც ცნობილია, გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს.
საბჭომ დეტალური ინფორმაცია მიიღო ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებულ ვითარებასა და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც დამატებითი რეანიმაციული საწოლფონდისა და შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით ხორციელდება. განსაკუთრებით აღინიშნა კლინიკური სასტუმროების მნიშვნელოვანი როლი, სადაც პრემიერ-მინისტრის დავალებით, გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ჟანგბადის მიწოდება. აღინიშნა, რომ ბევრ კლინიკურ სასტუმროს, მართავენ კონკრეტული კლინიკები, რაც კიდევ უფრო უკეთ უზრუნველყოფს იქ გადაყვანილ პაციენტებზე მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს.
საბჭომ განიხილა პანდემიის კუთხით გლობალურად არსებული ვითარება. კერძოდ, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ მსოფლიოში უკვე 73 მილიონს მიუახლოვდა, მათ შორის უკანასკნელ 24 საათში მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების 700 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მსოფლიოში 1.6 მილიონს გადააჭარბა.
რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 191 063 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 161 681 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1839 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 986 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 2886 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 6912 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.