უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის კანონპროექტზე მსჯელობენ
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის კანონპროექტზე მსჯელობენ

ორი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გაერთიანებულ სხდომაზე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე მსჯელობენ.

იუსტიციის სახლში ორი უწყებათაშორისი საბჭოს გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს.

სხდომაზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის უფლებების ზრდაზე, მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემასა და იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესებაზე, 14 წლამდე ბავშვთა დანაშაულსა და გადამისამართების მექანიზმებზე,  მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტში ცვლილებებზე მსჯელობენ.

ღონისძიების პირველი ნაწილი კანონპროექტის განხილვას ეთმობა, რომელიც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის − სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, შექმნას ითვალისწინებს.

ინსპექტორი წამებისა და არასათანადო მოპყრობის იმ დანაშაულებს გამოიძიებს, რომლებიც სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ იქნება ჩადენილი; გააკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას, აგრეთვე, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საქმიანობას. სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა არჩევითი იქნება; შესაძლო კანდიდატებიდან მას სახელმწიფო კომისია შეარჩევს. ინსპექტორი 5 წლის ვადით დაინიშნება და ის არცერთ სახელმწიფო უწყებას ან თანამდებობის პირს არ დაექვემდებარება.

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის ვალდებულება სამართალდამცველთა მიერ წამების, არასათანადო მოპყრობის და სხვა მსგავსი კატეგორიის დანაშაულების გამოსაძიებლად საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით და ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო გეგმით აქვს აღებული. იგივე რეკომენდაციები ჰქონდათ როგორც ავტორიტეტულ საერთაშორისო მისიებს, ისე ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს.

სხდომამ კიდევ ერთი ინიციატივა − ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტში შესატანი ცვლილებების პროექტიც უნდა განიხილოს. ეს ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის და მის საფუძველზე იუსტიციის სამინისტროს ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა. ცვლილებების თანახმად, განისაზღვრება ის დანაშაულები, რომელთა შემთხვევაშიც პოლიციელის მიერ შემაკავებელი ორდერის გამოცემა და იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვების მითითება სავალდებულო ხდება. დანარჩენ შემთხვევაში, მსხვერპლს უფლება ექნება, მოითხოვოს შემაკავებელი ორდერის გამოცემა, უარის მიღების შემთხვევაში კი, პოლიციელის გადაწყვეტილება ზემდგომ ორგანოში გაასაჩივროს.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, სასამართლო ვალდებული იქნება, განიხილოს იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვები, მათ შორის, მისი დროებით ან სამუდამოდ ჩამორთმევის აუცილებლობა.

საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი ოჯახში ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა უფლებების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დაცვა და შესაძლო დანაშაულის შედეგების თავიდან აცილებაა.

ღონისძიების მონაწილეებმა 14 წლამდე ბავშვთა დანაშაულის შესახებაც უნდა იმსჯელონ და რეფერალის მექანიზმის გაუმჯობესებისათვის საჭირო რეგულაციებს განიხილავენ. როგორც დღეს მოქმედი, ისე მანამდე არსებული რეგულაცია ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას გამორიცხავს, რაც სრულად შეესაბამება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, გაერო-ს ბავშვთა ფონდის, ბავშვთა უფლებებით დაინტერესებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს. რაც შეეხება უფრო მცირე ასაკის ბავშვების მიერ ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლას, ის გადამისამართების, რეფერალის მექანიზმის გაძლიერებას ითვალისწინებს. ამგვარი მიდგომის მიზანია როგორც კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების უფლებების, ინტერესებისა და საჭიროებების დაცვა და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა, ისე ბავშვთა დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

შეხვედრის ბოლოს ღონისძიების მონაწილეებმა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი უნდა განიხილონ. ინიციატივის მიზანი სისხლის სამართლის პროცესში მოწმისა და დაზარალებულის უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესებაა.

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის და ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის, ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოების გაერთიანებულ სხდომას ესწრებიან საბჭოს წევრები − საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები; საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიები; არასამთავრობო ორგანიზაციები; ექსპერტები; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი; სახალხო დამცველი.