უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირში გასამგზავრებლად ფასიანი ელექტრონული რეგისტრაცია დასჭირდებათ
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ფასიანი ელექტრონული რეგისტრაციის დაწესებას მხარი დაუჭირა.
კანონპროექტს, რომელიც ევროკავშირის მგზავრთა საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემის, ETIAS-ის შექმნას ითვალისწინებს, ევროპარლამენტის 494 წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 115 ევროპელი კანონმდებელი იყო, 30-მა კი, თავი შეიკავა.
სასაზღვრო კონტროლის ახალი სისტემა 2021 წლიდან უნდა ამოქმედდეს. ელექტრონული ავტორიზაციის ღირებულება 7 ევრო იქნება. ავტორიზაცია 18 წლამდე და 70 წელს გადაცილებული პირებისთვის უფასო იქნება.
ავტორიზაციის ერთხელ გავლის შემთხვევაში, ის სამ წლის განმავლობაში იმოქმედებს.
აპლიკანტი ავტორიზაციას აპლიკაციის შევსებიდან თითქმის დაუყოვნებლივ მიიღებს.
აპლიკაციაში პერსონალური მონაცემების შესახებ შეკითხვების გარდა, იქნება კითხვები წარსულში ნასამართლეობის ან აპლიკანტის მიერ კონფლიქტის ზონებში ყოფნის შესახებ. აღნიშნული ხელისუფლების წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, ევროკავშირში მის ჩასვლამდე განსაზღვრონ, წარმოადგენს თუ არა პირი საფრთხეს. ასეთ შემთხვევაში, მგზავრს ევროკავშირში შესვლის უფლება არ მიეცემა.
როგორც ევროდეპუტატები აცხადებენ, შემოწმება მგზავრებს პრობლემებს არ შეუქმნის.
„ეს იქნება მარტივი პროცესი, ონლაინ-შემოწმება, რომელსაც ისინი ევროკავშირში გამგზავრებამდე გაივლიან“, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, კინგა გალმა.
ევროპარლამენტის მიერ ინიციატივის დამტკიცების შემდეგ, მას ევროკავშირის მინისტრთა საბჭომაც უნდა დაუჭიროს მხარი.
ევროკომისია მიიჩნევს, რომ სასაზღვრო კონტროლის ახალი სისტემა საზღვრის მართვას გააუმჯობესებს, არალეგალური მიგრაციის პრევენციას შეუწყობს ხელს და დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გააძლიერებს.