უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართება
იუსტიციის სამინისტრო ახალი სერვისის – უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაციის Schengen/EU App-ის პრეზენტაციას დღეს გამართავს.
როგორც პირველ არხს სამინისტროდან აცნობეს, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ მობილური აპლიკაციის პრეზენტაციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამართავს.
სამინისტროს ცნობით, მობილური აპლიკაცია მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, ჩაინიშნონ შენგენის, ევროკავშირის ზონაში გატარებული დღეები და გამოითვალონ დარჩენილი დღეების რაოდენობა, რათა უნებურად არ დაარღვიონ უვიზო მიმოსვლის წესები.
აპლიკაციის დახმარებით შესაძლებელი იქნება:
შენგენის ზონაში მოგზაურობის ისტორიის შენახვა (მათ შორის, ქვეყნების მითითებით);
დარჩენილი დღეების რაოდენობის გამოთვლა;
კონკრეტული მოგზაურობის ან მოგზაურობის ისტორიის ამსახველი ვიზუალური ინფორმაციის გაზიარება სოციალურ ქსელებში.
უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია 14:00 საათზე გაიმართება.